“საფრთხის შემთხვევაში, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება აქვს” – მედვედევის მორიგი მუქარა
რუსეთს, საჭიროების და ქვეყნის არსებობისთვის საფრთხის შემთხვევაში, უფლება აქვს – გამოიყენოს ბირთვული იარაღი, – დაწერა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა ტელეგრამში.
„რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში, წინასწარ განსაზღვრულ შემთხვევებში, ბირთვული შეკავების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების მკაცრად დაცვით“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება, შეიძლება, იყოს მიღებული რუსეთზე ან მის მოკავშირეებზე მსგავსი ან ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით თავდასხმის შემთხვევაში, როდესაც ქვეყნის არსებობას საფრთხე ემუქრება.
“გარდა ამისა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მტრულად განწყობილ მეზობლებში ბირთვული იარაღი არ გამოჩნდეს“, – წერს მედვედევი.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ “ყველაზე ძლიერი იარაღის” გამოყენების შემთხვევაში, საკითხში ნატო არ ჩაერევა, რადგან, მისი აზრით, ვაშინგტონის, ლონდონისა და ბრიუსელის უსაფრთხოება ალიანსისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „მომაკვდავი უკრაინა, რომელიც არავის არ სჭირდება”.
კიევისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდებას მედვედევმა უწოდა დასავლეთის ქვეყნებისთვის “უბრალოდ ბიზნესი”, რომლებიც გაჟღენთილი არიან რუსეთისადმი სიძულვილით.
„აქედან გამომდინარე, მიმდინარე კონფლიქტში ნებისმიერი იარაღის გამოყენებას ისინი გადაყლაპავენ“, – თქვა მან.