“მოვითხოვთ ჩადენილი დანაშაულებისთვის რუსეთის სამართლიან დასჯას” – ზელენსკი გაერო-ში
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინას სურს “სამართლიანი სასჯელი” იმ დანაშაულებისთვის, რაც რუსეთმა ჩაიდინა მისი ქვეყნის წინააღმდეგ.
ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის კიევს ხუთპუნქტიანი გეგმა აქვს
ზელენსკის თქმით, მშვიდობისთვის ხუთი აუცილებელი პირობაა: რუსული აგრესიის დასჯა, უკრაინის უსაფრთხოების აღდგენა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების გარანტია.
„ეს არის ჩვენი მშვიდობის ფორმულის პირველი პუნქტი. კომპლექსური პუნქტია. სასჯელი. სასჯელი აგრესიისთვის. სასჯელი საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის. სასჯელი, რომელიც უნდა გაგრძელდეს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღდგენამდე.
რა არ არის ჩვენს ფორმულაში? ნეიტრალიტეტი. ისინი, ვინც ნეიტრალიტეტზე საუბრობენ იმ დროს, როდესაც საფრთხის ქვეშ არის ადამიანური ღირებულებები და მშვიდობა, სხვა რამე აქვთ მხედველობაში“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის გამოსვლის შემდეგ მრავალი ქვეყნის დელეგაციამ მას ტაში ფეხზე წამოდგომით დაუკრა.