ანტისამობილიზაციო აქციაში მონაწილეობისთვის რუსეთის მოქალაქეებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ – მოსკოვის პროკურატურა

მოსკოვის პროკურატურა მოქალაქეებს ახსენებს, რომ არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობა დასჯადია

ამის შესახებ პროკურატურის ტელეგრამ-არხზეა ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ ინტერნეტში, მათ შორის, სოციალურ ქსელებში განთავსებულია ინფორმაცია მოსკოვში აქციებში მონაწილეობისა და “სხვა უკანონო ქმედებების ჩადენის მოწოდებით”. უწყება ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ღონისძიებები, კანონით დადგენილი წესით, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კოორდინებული არ არის.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ უკანონო ქმედება შეიძლება, დაკვალიფიცირდეს შეხვედრის, მიტინგის, მსვლელობის მოწყობის ან ჩატარების დადგენილი წესის დარღვევად; რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციად; ანტისაზოგადოებრივ ქმედებებში არასრულწლოვნის ჩათრევად; ან რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებად; მასობრივ არეულობებში მონაწილეობად, რომელთა ჩადენისთვის გათვალისწინებულია სასჯელი, მათ შორის თავისუფლების აღკვეთა 15 წლამდე ვადით.

მას შემდეგ, რაც დღეს რუსეთის პირველმა პირმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, სოციალურ ქსელებში რუსეთის ყველა ქალაქის ცენტრში შეკრებისა და აქციების გამართვისკენ მოწოდებები გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები