ლევან იოსელიანი: სახალხო დამცველის არჩევისთვის აუცილებელია ოპოზიციის და მმართველი პარტიის შეთანხმება, ეს პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე

„მოქალაქეების“ ინიციატივა სახალხო დამცველის არჩევის წესის ღიაობასთან დაკავშირებით, პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 98 ხმით მხარი დაუჭირა.

ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, კერძოდ, 204-ე მუხლის მე-5 პუნქტში იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალს, რომელთა არჩევისას კენჭისყრა ფარულია, სახალხო დამცველი გამოაკლდება, რაც გულისხმობს, რომ პარლამენტის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის არჩევისას კენჭისყრა გახდება ღია. ინიციატივა პარლამენტს „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა წარუდგინა.

დეპუტატის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება საშუალებას მისცემს საზოგადოებას, თვალი მიადევნოს პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილების თანმიმდევრულობას კენჭისყრის შედეგების მიხედვით.

„პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ჩვენი ინიციატივა, რომ სახალხო დამცველის არჩევის წესი შეიცვალოს და გახდეს ღია. ოპოზიციიდან რამდენიმე ხმა არის საჭირო იმისთვის, რომ სახალხო დამცველის არჩევა მოხდეს, რადგან მხოლოდ მმართველი გუნდის ხმები ამისთვის საკმარისი არ არის, სახალხო დამცველის არჩევისთვის აუცილებელია ოპოზიციის და მმართველი პარტიის შეთანხმება, ამიტომ ეს პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, რომ ამან არ გამოიწვიოს დამატებითი კითხვის ნიშნები – ვინ ვის შეუთანხმდა, ვინ ვისთან გარიგდა.

ზოგადად, ჩემი აზრია, რომ პოლიტიკოსი თავისი გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ საუბარს არ უნდა ერიდებოდეს, მას უნდა ჰქონდეს დასაბუთებული პასუხი კითხვებზე, თუ ვის და რატომ უჭერს ან არ უჭერს მხარს, პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომელი პოლიტიკოსი რომელ კანდიდატს უჭერს მხარს.

სანამ საკითხს დავაინიცირებდი, დავინტერესდი და შევისწავლე საერთაშორისო გამოცდილება, თუ როგორ არის ეს საკითხი დარეგულირებული სხვა ქვეყნებში. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს გარდა, ფარული წესით სახალხო დამცველის არჩევა ხდება მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში. მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის მაგალითი, რომელსაც ჩვენ უნდა მივბაძოთ, ამიტომ უნდა ავიღოთ ის გამოცდილება, რომელიც აქვს ევროპის ქვეყნებს, სადაც სახალხო დამცველის არჩევა არის ღია. სახალხო დამცველის ინსტიტუტი არის კონსტიტუციური ორგანო და ის უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. ეს არის მთავარი არგუმენტი იმისა, რატომაც დავაინიცირეთ ეს ცვლილებები. ის პროცესი, რომელიც უნდა წარიმართოს პარლამენტში და რომელმაც უნდა უზრუნველყოს 12 პუნქტიდან ერთ-ერთი მთავარი პუნქტის შესრულება, უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და არ გააჩინოს კითხვის ნიშნები არც უმრავლესობაში, არც ოპოზიციაში და, რაც მთავარია, არც საზოგადოებაში“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები