ალა პუგაჩოვა “უცხოურ აგენტად” მის აღიარებას ითხოვს – მომღერალს კრემლში უპასუხეს

რუსი მომღერალი, ალა პუგაჩოვა “უცხოურ აგენტად” მის აღიარებას ითხოვს.

როგორც მან მიმართვაში თქვა, ის სოლიდარულია მეუღლესთან, მაქსიმ გალკინთან, რომელიც “აგენტად” ორი დღის წინ იყო გამოაცხადეს.

„გთხოვთ, ჩამწეროთ ჩემი საყვარელი ქვეყნის უცხოური აგენტების რიგებში, რადგან სოლიდარული ვარ ჩემს მეუღლესთან, მაქსიმ გალკინთან. პატიოსან, წესიერ და გულწრფელ პიროვნებასთან, რუსეთის ნამდვილ და მოუსყიდავ პატრიოტთან, რომელსაც სურს სამშობლოს კეთილდღეობა, მშვიდობიანი ცხოვრება, სიტყვის თავისუფლება და მოჩვენებითი მიზნებისთვის ჩვენი ბიჭების დაღუპვის დასრულება. მიზნებისთვის, რომლებიც ჩვენს ქვეყანას გარიყულს ხდის და ართულებს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას“, – ამბობს პუგაჩოვა.

მომღერლის მიმართვის კომენტირება დღეს კრემლის პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს სთხოვეს, რომელმაც​კომენტირება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

“არ მგონია, რომ ეს კითხვა კრემლს ეკუთვნის. ამიტომ კომენტარს არ გავაკეთებ”, – თქვა პესკოვმა.

16 სექტემბერს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ გალკინი „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადა. უწყების მტკიცებით, კომიკოსი ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას და ამისთვის ფულს უკრაინიდან იღებს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მაქსიმ გალკინმა არაერთხელ თქვა, რომ სწორედ კრემლის ბრძანებით იბომბება უკრაინის ქალაქები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები