სუდანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 136-მდე გაიზარდა
სუდანში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 136-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Al Jazeera ადგილობრივ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სტიქიის შედეგად, სულ მცირე, 120 ადამიანი დაშავდა.
სუდანში გადაუღებელი წვიმების სეზონი, ყოველწლიურად, ივნისში იწყება და ოქტომბრამდე გრძელდება.
სექტემბრის დასაწყისში 129 დაღუპულის, 120 დაშავებულის შესახებ იყო ცნობილი. სტიქიური უბედურების შედეგად, 15 ათასზე მეტი სახლია დანგრეული.
სუდანის მთავრობამ საერთაშორისო საზოგადოებას წყალდიდობის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ათასობით ადამიანის დახმარებისკენ მოუწოდა.
წელს განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ხარტუმის სამხრეთით მდებარე, ელ გეზირას პროვინციაში.
სუდანელების ჰუმანიტარულ დახმარებას უზრუნველყოფს ეგვიპტე, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ყატარი.