ვახტანგ გომელაური – გუდაურში დაღუპულთა ოჯახის წევრებს: ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენ გვერდით, თუ რამით შეიძლება, ცოტათი მაინც შეგიმსუბუქოთ ეს დიდი ტკივილი
ვახტანგ გომელაური ორბელიანების სასახლეში გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულთა დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო და ოჯახის წევრებს სიტყვით მიმართა:
„სულ ვამბობ და მინდა, კიდევ გავიმეორო, რომ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენ გვერდით, თუ რამით შეიძლება, ცოტათი მაინც შეგიმსუბუქოთ ეს დიდი ტკივილი დღევანდელი ღონისძიებაც, ზუსტად ამის გამოძახილია“, – თქვა მინისტრმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გუდაურთან სამაშველო ოპერაციის განხორციელებისას დაღუპული გმირების დაფასებისთვის.
„მინდა, დიდი მადლობა მოგახსენოთ ქალბატონო პრეზიდენტო. ეს არის დიდი დაფასება ყველასთვის, მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და მინდა მადლობა მოგახსენოთ ყველას სახელით.
ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერმინისტრს გვერდში დგომისთვის, დაფასებისთვის.
მინდა უღრმესი მადლობა ვუთხრა ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს გვერდში დგომისთვის, იმ ტკივილის გაზიარებისთვის, მეუფეებს, მეუფე შიოს, სრულიად საპატრიარქოს”, – განაცხადა გომელაურმა.