მაკა ბოჭორიშვილმა და გიორგი ხელაშვილმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში შეხვედრები გამართეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი 12-15 სექტემბერს სტრასბურგში ვიზიტით იმყოფებოდნენ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარესთან, მარინა კალიურანდთან; საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელთან, სვენ მიკსერთან, ასევე, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებისა და საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების კომიტეტების წევრებთან.

„შეხვედრების ფარგლებში, მხარეებმა, განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები, საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესი, საქართველოს პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობა და დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივები.

აღინიშნა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის თაობაზე მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება და ხაზი გაესვა საქართველო-ევროკავშირს შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობას.

შეხვედრებზე საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს.

მაკა ბოჭორიშვილმა და გიორგი ხელაშვილმა, სპეციალური სტუმრის სტატუსით, მონაწილეობა მიიღეს ევროპარლამენტში სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის (The S&D Group’s Willy Brandt Steering Committee) მმართველი კომიტეტის შეხვედრაში.

საქართველოს დელეგაცია, ასევე, დაესწრო ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის პარლამენტში გამოსვლას (State of the Union), სადაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროპული ოჯახის ნაწილია, მათი მომავალი ევროკავშირშია და ევროკავშირი არ იქნება სრულყოფილი მათ გარეშე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები