ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო წელი 15 სექტემბერს მნიშვნელოვანი სიახლეებით დაიწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება და დროშა აღიმართება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სკოლებისთვის შეთავაზებული საინტერესო სიახლეების შესახებ „კვირა“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილეს, თამარ მახარაშვილს ესაუბრა:
„სწავლის დაწყების დღე ბავშვებისთვის, მშობლებისთვისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თარიღია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ყველა საჯარო სკოლა საქართველოს ჰიმნის გაჟღერებითა და დროშის აღმართვით დაიწყებს. ეს იდეა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებისა და ახალგაზრდებში სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბების კუთხით.
მოგეხსენებათ, წელს სამინისტრომ სკოლებს სხვადასხვა სიახლე შესთავაზა, რომელთა უმეტესობა ორიენტირებულია იმაზე, რომ ჩვენ აღვზარდოთ ღირსეული, პასუხისმგებლობით სავსე მომავალი თაობა.
- საინტერესოა, წელს რამდენი პირველკლასელი შედის სკოლაში?
მოგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 30 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში ქვეყნის მასშტაბით ჯამში 55 717 პირველკლასელი დაიწყებს სწავლას, მათ შორის, 1 868 ბავშვი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე ჩაირიცხა. ამასთან, პირველკლასელთა გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით, სამინისტრომ დამატებით უზრუნველყო სკოლების შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსითა და ინვენტარით აღჭურვა.
- სამინისტროს მიერ უკვე გაჟღერდა, რომ სკოლებში ახალი საგნები დაინერგება. რატომ მიიღო სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება?
გაცნობებთ, რომ მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში „საქართველოს ისტორია“ დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება. ამ მიზნით, ისტორიკოსებით დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ გადაიხედა საშუალო საფეხურის საქართველოს ისტორიის სტანდარტი და განხორციელდა ახალი სახელმძღვანელოს გრიფირება. შედეგად, ახალგაზრდები საშუალო საფეხურზე საქართველოს ქვეყნის ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე უწყვეტად, სიღრმისეულად შეისწავლიან.
ახალი სასწავლო წლიდან მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან. ზაფხულის განმავლობაში, სამინისტროსა და ჭადრაკის ფედერაციის თანამშრომლობით, ჭადრაკის საერთაშორისო დიდოსტატებითა და ოსტატებით დაკომპლექტებულმა ტრენერთა ჯგუფმა გადაამზადა 4000 პედაგოგი. ამასთან, სამინისტრომ უზრუნველყო შესაბამისი ელექტრონული სასწავლო რესურსის შემუშავებაც. ამ ეტაპზე სკოლების სადემონსტრაციო დაფებით აღჭურვის პროცესი მიმდინარეობს.
წელს პირველად 4000-მდე მოსწავლე საპილოტე რეჟიმში მაკმილანის მათემატიკის ბილინგვური სახელმძღვანელოებით ისწავლის, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების სააზროვნო უნარების განვითარებას და დაეხმარება მათ პრაქტიკაში ინგლისური ენის გამოყენებაში. აქვე გეტყვით, რომ მათემატიკის თავად მაკმილანის წარმომადგენლების მიერ შემუშავებული გადამზადების კურსი 60-ზე მეტმა ინგლისურის მცოდნე მათემატიკის მასწავლებელმა გაიარა. მატერიალური სახელმძღვანელოს გარდა, პროექტი მოიცავს სასწავლო პროცესში სწავლების მართვის სისტემის ინტეგრირებას, რაც მისცემს საშუალებას მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ელექტრონულად მართონ საკუთარი ანგარიშები და თვალი ადევნონ პროგრესს. ძალიან საინტერესო და საამაყოა, რომ განათლების სისტემაში გვყავს არაერთი მათემატიკის მასწავლებელი, რომლებსაც ინგლისური ენის შესაბამისი კვალიფიკაცია აქვთ.
- როგორც გავრცელდა ინფორმაცია, სკოლებში ინერგება საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“, რას გულისხმობს ეს საგანი?
პირველ რიგში მსურს, ინფორმაცია მოგაწოდოთ ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ შესახებ, რომელიც 2022-2023 სასწავლო წლიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით საჯარო სკოლებში ინერგება. პილოტირების პროცესში მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის საბაზო საფეხურის (VII-IX კლასის) 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთვება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს კვირაში ერთხელ გაკვეთილს სპეციალურად გადამზადებული მოქმედი სამხედრო ოფიცრები ჩაუტარებენ. აღსანიშნავია, რომ სკოლებში უკვე უზრუნველყოფილია შესაბამისი აღჭურვილობაც.
რაც შეეხება საგანს „თავდაცვა და უსაფრთხოება“, აღნიშნული საგანმანათლებლო პროექტის მასშტაბები ფართოვდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს პარტნიორობით, პროექტის პილოტირების პროცესში დამატებით 18 ბენეფიციარი ჩაერთო და გადამზადდა როგორც 12 ყოფილი სამხედრო მომსახურე, ასევე, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 6 ინსტრუქტორი. გადამზადებული პირები სკოლის მოსწავლეებს არჩევით კურსს – „თავდაცვა და უსაფრთხოება“ შეასწავლიან და აუმაღლებენ ცოდნას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: სამოქალაქო უსაფრთხოება, შესაძლო საფრთხეების წყაროები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა, პირველადი დახმარების მეთოდები, საქართველოს თავდაცვის სისტემა და თავდაცვის ძალების საქმიანობა.
- გარდა ჭადრაკისა, სპორტის მიმართულებით ახალი სახეობების შეტანა მოსწავლეებისთვის ასევე მნიშვნელოვანი იქნებოდა.
მოგახსენებთ, რომ სამინისტრომ სკოლებს საინტერესო სიახლეები სპორტის მიმართულებითაც შესთავაზა. მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, 2022-2023 სასწავლო წლიდან 150 საჯარო სკოლაში ახალი პროგრამა განხორციელდება, რომლის ფარგლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სპორტის სახეობების ჩამონათვალს სავალდებულო მიმართულებად „რაგბი“ დაემატება. ე.წ. „ტაგ რაგბი“ ანუ უკონტაქტო რაგბი მოიცავს ისეთ ვარჯიშებს, რომლებიც რაგბის ელემენტების გამოყენებით მოსწავლეების ფიზიკური განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. ამ ეტაპზე, საქართველოს რაგბის კავშირთან თანამშრომლობით, სპორტის მასწავლებლების გადამზადების პროცესი მიმდინარეობს. პროგრამის განხორციელების შედეგად, სკოლებს ექნებათ საშუალება, სასკოლო სპორტულ ფესტივალში „ტაგ რაგბის“ მიმართულებითაც მიიღონ მონაწილეობა. პროგრამაში მონაწილეობას ბავშვები პირველი კლასიდანვე შეძლებენ და ყველა სკოლაში მათთვის იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი სპორტული ინვენტარი.
- სპეციალურად უკრაინელი ბავშვებისთვის საქართველოში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა. არსებული ინფორმაციით მოსწავლეთა რაოდენობა გაიზარდა, რამდენად არის სამინისტრო მზად, ყველა უკრაინელმა ბავშვმა შეძლოს საქართველოში განათლების მიღება?
როგორც მოგეხსენებათ, გასულ სასწავლო წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა. სწორედ მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ახალი სასწავლო წლისთვის თბილისში, 220-ე საჯარო სკოლაში, კიდევ ერთი უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა და გაფართოვდა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინულენოვანი სექტორიც. სამინისტროს ინიციატივით, უკრაინულენოვანი სექტორის ყველა მოსწავლე წელსაც უზრუნველყოფილია სწავლისათვის საჭირო სასკოლო რესურსებითა და ბუკებით.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში ჩამოსულმა უკრაინელმა მოსწავლეებმა უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში მშობლიურ ენაზე მიიღონ ხარისხიანი განათლება. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ეს მიდგომა წელსაც გაგრძელდება. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 2000-ზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია. თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე კი ამ ეტაპზე 1400-ზე მეტი ბავშვია დარეგისტრირებული.
- დაბოლოს, დარჩება თუ დისტანციური სწავლება?
გაცნობებთ, რომ გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სკოლებისთვის განახლებული რეკომენდაციები შეიმუშავა. ახალი სასწავლო წლიდან საკლასო ოთახებსა და დერეფნებში მოსწავლეებს შორის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვისა და მოსწავლეთა ცვლებში გადანაწილების ან საგაკვეთილო ცხრილის განტვირთვის მიზნით ჰიბრიდული სწავლების შემოღების ვალდებულებაც მოიხსნა. ეს ძალიან სასიხარულოა, რადგან მოსწავლეები ჩვეულ ფორმატში, ბუნებრივ პირობები გააგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას“.