60 წელს ზემოთ პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზებით სარგებლობისთვის რეგისტრაცია 19 სექტემბერს დაიწყება
თბილისის მერია პროგრამის – „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში, 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროგრამა საპილოტეა და პირველ ეტაპზე, 2023 წლის პირველ იანვრამდე, ორ მუნიციპალურ სპორტულ ცენტრში განხორციელდება.
„ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია არამხოლოდ ახალგაზრდების, არამედ ყველა ასაკის ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, პროგრამა, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, ითვალისწინებს, რომ თბილისში რეგისტრირებულ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ინფრასტრუქტურა – საცურაო აუზები და ფიტნეს ზონები უფასოდ გამოიყენონ. პროგრამა, პირველ ეტაპზე, 2023 წლის პირველ იანვრამდე, საპილოტე რეჟიმში განხორციელდება ორ მუნიციპალურ სპორტულ ცენტრში – ნაძალადევის კომპლექსურ სპორტულ ცენტრში და გლდანის სპორტულ კომპლექსში, ხოლო შემდგომ, ეტაპობრივად ჩაერთვება ყველა მუნიციპალური სპორტული ობიექტი და აგრეთვე კერძო ობიექტები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, რეგისტრაცია 19 სექტემბერს დაიწყება, სერვისით სარგებლობა კი 3 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი.
„რეგისტრაცია დაიწყება 19 სექტემბრიდან, პროგრამის განმახორციელებელ ორ სპორტულ ობიექტზე, ხოლო სერვისით სარგებლობა დარეგისტრირებულ მოქალაქეებს უკვე შეეძლებათ 3 ოქტომბრიდან. პროგრამის ფარგლებში, მომსახურების მიღება შესაძლებელია 11:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში. პროგრამა საპილოტეა. დავაკვირდებით და თუ საჭირო იქნება, ცვლილებებსაც შევიტანთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.