ჯანდაცვის მინისტრი: ვფიქრობ, რომ როგორც თურქული ბაზრის გახსნა, ისე რეფერენტული ფასები მნიშვნელოვანი პროექტია
“ვვარაუდობთ, რომ წლის განმავლობაში თურქული წამლების იმპორტით, დაახლოებით, 180-დან 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს ჩვენი მოსახლეობა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც თურქული ბაზრის გახსნა, ისე რეფერენტული ფასები მნიშვნელოვანი პროექტია.
„პერიოდულად ვაქვეყნებთ ხოლმე, თუ რა დანაზოგი ჰქონდა მოსახლეობას ამ დროის განმავლობაში. თებერვლის თვიდან აქტიურად შემოვიდა თურქული მედიკამენტები და დღეისათვის ათობით მილიონი ლარი აქვს მოსახლეობას დაზოგილი. დაახლოებით 180-დან 200 მილიონ ლარამდე ვვარაუდობთ წლის განმავლობაში, რასაც ჩვენი მოსახლეობა დაზოგავს, რაც მხოლოდ თურქული მედიკამენტების შემთხვევაშია, ასევე, რეფერენტული ფასების შემთხვევაშიც, აქაც მნიშვნელოვან გაიაფებას ველოდებით.
ასეთი მოლოდინი გვაქვს იმ ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, სადაც ეს უკვე დანერგეს. თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში და ჩვენს მეზობელ რამდენიმე ქვეყანაში 40%-დან 70%-მდე ფასების შემცირების ეფექტს მიაღწიეს. ვფიქრობ, რომ როგორც თურქული ბაზრის გახსნა, ისე რეფერენტული ფასები მნიშვნელოვანი პროექტია. ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა მოგვარდება“, – განაცხადა აზარაშვილმა.