სტეფანე მღებრიშვილი: მაინცდამაინც სოფო ხალვაშზე ნუ გადატეხთ ყველა ჯოხს – ვიცი მისი აზრი უკრაინისა და უკრაინელების შესახებ, მათ შორის, რას ფიქრობს რუსეთზე
მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი ბათუმის მერის მოადგილის, სოფო ხალვაშის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მაინცდამაინც სოფო ხალვაშზე ნუ გადატეხთ ყველა ჯოხს. ჩემი სოლო კონცერტის ორგანიზატორი იყო პირადად სოფო, რომელთანაც ერთად გავიარეთ პროგრამა წინასწარ და იცოდა, რა სიმღერასაც ვაპირებდი… სულ „ხუტინ ხ**ლო” ვიძახე, რუსებით სავსე ერას მოედანზე და არავის არაფერი შეუმჩნევია. დღემდე ვმეგობრობთ და მისი აზრი ვიცი უკრაინის და უკრაინელების შესახებ, მათ შორის, რას ფიქრობს რუსეთზე… ვიცი, ბევრი კომენტარი იქნება, წინასწარ ვამბობ, არ ვერთვები დისკუსიაში. უბრალოდ, დავაფიქსირე ფაქტი“, – წერს მღებრიშვილი.
პოსტის კომენტარებში ხალვაშის მხარდამჭერი კომენტარი დირიჟორმა, ნიკოლოზ რაჭველმაც დაწერა.
„სოფოს მიერ მხარდაჭერილი ჩვენი, ბათუმის ფესტივალიც წელს აგვისტოში მთლიანად უკრაინას ეძღვნებოდა და ომის თემაზეც აქტიურად ვსაუბრობდით სცენიდან, ასე რომ, ძალიან მიკვირს და ვერ ვიჯერებ ამ ამბავს… და ვუერთდები შენს ბოლო წინადადებას: ვმეგობრობთ და ვიცი მისი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენების და ოკუპანტი აგრესორი რუსეთის მიმართ!“, – წერს რაჭველი.
შეგახსენებთ, რომ სოფო ხალვაშმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც აღნიშნავს: “ბოლო 2 დღეა, ჩემს სახელთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს ბინძური კამპანია. ტელეკომპანია “პირველზე” გავიდა სატელევიზიო სიუჟეტი, სადაც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე ხელს ვუშლი უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ბათუმში, ვკრძალავ ომის ხსენებას ღონისძიებაზე. გამოქვეყნდა ჩემი მიმოწერა ღონისძიების ორგანიზატორებთან, რომელიც რა თქმა უნდა კონტექსტიდან არის ამოვარდნილი და მხოლოდ ის ფრაზებია წარმოჩენილი, რომლებიც საზოგადოებას შეუქმნის ილუზიას, თითქოს მე წინააღმდეგი ვარ დავეხმარო უკრაინელი ხალხისთვის ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღნიშვნაში.
ძალიან ცუდია, რომ ცალმხრივად გავრცელებული დეზინფორმაციის გამო ჟურნალისტებმა და საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, ყოველგვარი ეთიკის უგულებელყოფით, ხმამაღლა გამომაცხადეს ჩემი ქვეყნის მოღალატედ”.