ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა, საქართველოს გენერალური პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით, ერთობლივად მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების ირგვლივ სამსჯელოდ სამუშაო შეხვედრა გამართეს.
პარლამენტის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მსჯელობა წარიმართა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც დაგეგმილია აღკვეთის ღონისძიების ახალი სახეობის – „გადაადგილების შეზღუდვის” შემოღება.
სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო, სასამართლოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის აღნიშნული ინიციატივის გაცნობა, ვინაიდან მოსამართლე იქნება ის უფლებამოსილი პირი, ვინც ბრალდებულს გადაადგილების შეზღუდვა, როგორც აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდოს. შესაბამისად, სასამართლოს ხედვა და გამოცდილება ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კანონპროექტის შემდგომ გაუმჯობესებას. შეხვედრაზე მსჯელობა წარიმართა ასევე, ამ ღონისძიების პრაქტიკაში ეფექტურად აღსრულების პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე სამომავლოდ კანონპროექტის ირგვლივ შემდგომი თანამშრომლობის საკითხები შეთანხმდა.