პროკურატურამ გურჯაანის რაიონში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 13 აგვისტოს, გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში, მ.ჩ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თან ნაქონი დანით, სხეულის სხვადასხვა ადგილას სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა ლ.ი.-ს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ლ.ი. საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით ( განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.