მიხეილ სარჯველაძე: თუკი ვინმეს ტონი და საკუთარი საუბრის შინაარსი აქვს გასაფილტრი, ეს არის პირველ რიგში პოდოლიაკი
“არავის, მათ შორის, ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლების მაღალჩინოსანს არ აქვს უფლება, ასე დაუსაბუთებლად რაიმე ბრალდება წამოაყენოს, თუკი ვინმეს ტონი და საკუთარი საუბრის შინაარსი აქვს გასაფილტრი, ეს არის პირველ რიგში პოდოლიაკი“,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას.
სარჯველაძის შეფასებით, პოდოლიაკი სინამდვილესთან შეუსაბამო განცხადებებს აკეთებს.
“არავის, მათ შორის, ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლების მაღალჩინოსანს არ აქვს უფლება, ასე დაუსაბუთებლად რაიმე ბრალდება წამოაყენოს, თუკი ვინმეს ტონი და საკუთარი საუბრის შინაარსი აქვს გასაფილტრი, ეს არის პირველ რიგში მაგალითად, პოდოლიაკი, რომელიც სინამდვილესთან შეუსაბამო განცხადებებს აკეთებს მხოლოდ იმიტომ, რომ მას ასე სურს. იგონებენ მითებს, ებრძვიან შემდეგ ამ მითებს და ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. როცა არასერიოზულ ბრალდებებს აყენებს, შემდეგ ნუღარ უკვირს, რომ მიიღებს მკაცრ პასუხს, მით უმეტეს, ყველა პასუხი იყო გაცილებით მოზომილი და რბილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ვიდრე იმსახურებდა ასეთი განცხადებები. სანქციების დაწესების სურვილი ალაპარაკებს ტყუილებს ბატონ პოდოლიაკს. პოდოლიაკის მთელი ეს განცხადებები, რომელიც უკავშირდებოდა სანქციებს, ცრუ ბრალდებებს, რეალურად როგორც ჩანს, მოტივირებილია სააკაშვილის გულშემატკივრობით და არაფრით სხვით. სასჯელი აქვს დაკისრებული ბატონ სააკაშვილს და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებია, მათ შორის საზღვრის კვეთაზე, რაზეც არ მგონია დანაშაულებრივი ფაქტის არსებობაზე ორი აზრი არსებობდეს”,- განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ, თუ გარკვეული მიზეზების გამო, ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ, ეს მათი რეპუტაციისთვის იქნება კარგი.