მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობ, ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს უმრავლესობის მხარდაჭერის მიღება გაუჭირდებათ

“ვფიქრობ, ვითარება არის საკმაოდ ბუნდოვანი და სამწუხაროდ განცხადება, რომელიც ამის ასახსნელად პრეზიდენტმა გააკეთა, აბსოლუტურად არავითარი ნათელის შემტანი არ იქნება ამ ვითარებაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა ფსონი სწორ გადაწყვეტილებებზე უნდა გააკეთოს.

„როგორც ჩანს, პრეზიდენტს უნდოდა ისეთი გადაწყვეტილება ეპოვა, რომლითაც ის თავიდან აირიდებდა ოპოზიციის შესაძლო კრიტიკას, თუმცა როგორც დაინახა, ოპოზიციის კრიტიკას მაინც ვერ დაუსხლტა. ამ შემთხვევაში, ალბათ უნდა გაითვალისწინოს სამომავლოდ გადაწყვეტილებების მიღებისას და ფსონი უნდა გააკეთოს სწორ გადაწყვეტილებებზე და არა ისეთზე, რომელიც შეიძლება ამ თვალსაზრისით პოლიტიკური მერკანტილიზმის ნიშნებს შეიცავდეს, რომ არ გააღიზიანოს ოპოზიცია. ეს არ არის სწორი მიდგომა, აბსოლუტურად არ არის დამაჯერებელი გადაწყვეტილება და ახსნილი. განხილვების პროცესში ვნახოთ, როგორ იქნება წარმოჩენილი ვითარება, თუმცა ჩემი წინასწარი განწყობა ამასთან დაკავშირებით, მით უმეტეს იმ ფონზე, რა ვითარებაც არის ამ საკითხების ირგვლივ, რა ინსინუაციებიც არის, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში გაუჭირდებათ უმრავლესობის მხარდაჭერის მიღება წარმოდგენილ კანდიდატებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი კალანდარიშვილი არ წარადგინა.

სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე – ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები