ჯანდაცვის მინისტრი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში იმყოფებოდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში იმყოფებოდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ აზარაშვილმა კლინიკა ხელმძღვანელებსა და ექიმებთან ერთად დაათვალიერა.
“ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე, სამედიცინო დაწესებულებებში საერთაშორისო აკრედიტაციის დანერგვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, 2025 წლიდან საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა სავალდებულო იქნება, რაც სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
„ჩაფიძის კლინიკა“ ერთ-ერთია იმ რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებას შორის, რომელმაც საკუთარი ინიციატივით საერთაშორისო სერტიფიკატი მიიღო. საუბარია გერმანულ KTQ-ს სტანდარტზე, რომელიც კლინიკებს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ენიჭებათ.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლიდან, კლინიკებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ოპერირების გასაგრძელებლად, სავალდებულო იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტების დაკმაყოფილება. ამ საკითხზე სამინისტრომ მუშაობა უკვე დაიწყო და ჯანდაცვის აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურ კონსულტაციებს მართავს.
ზურაბ აზარაშვილთან ერთად, კლინიკაში იმყოფებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე – თამარ გაბუნია და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი – ეკა ადამია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.