ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურის ფინალისტია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურის ფინალისტია.
სამინისტროს ცნობით, ეკოკლუბის ლიდერს, ესაილ იგიტიანს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ უმასპინძლა.
“ესაილ იგიტიანმა ერთი დღე მინისტრთან ერთად გაატარა და სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებში გამართულ შეხვედრებს დაესწრო.
ესაილ იგიტიანი დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ოთარ შამუგიასთან ერთად იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე პროექტების შედეგები, დაგეგმილი ღონისძიებები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ოთარ შამუგიამ ეკოკლუბის ლიდერთან საუბარში აღნიშნა, რომ აგრარული და გარემოსდაცვითი პროფესიები, სულ უფრო მოთხოვნადი ხდება და ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციური კადრების არსებობა ამ მიმართულებების განვითარებისთვის. მინისტრმა ესაილ იგიტიანს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და საჩუქრად დაცულ ტერიტორიებსა და ეროვნულ პარკებში ვიზიტის აბონიმენტი გადასცა.
ესაილი ღვინის ეროვნულ სააგენტოში განთავსებულ ღვინის მარანს, ენოთეკასა და ღვინის მუზეუმსაც ეწვია. შეხვდა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, ლევან მეხუზლას, რომელმაც მას უწყების შექმნის ისტორია და ფუნქციები გააცნო. ესაუბრა მარკეტინგულ, ექსპორტის ხელშეწყობისა და ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებებზე, ვენახების კადასტრზე. ლევან მეხუზლამ აღნიშნა,რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 2021 წელი, როდესაც მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში განხორციელდა რეკორდული რაოდენობის – 107 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი.
ესაილ იგიტიანი სტუმრობდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიასაც, სადაც ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ლია აფციაურმა სტუმარს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ხელსაწყოები დაათვალიერებინა, ნიადაგის, ატმოსფერული ჰაერის და წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრის ტექნოლოგიები და ლაბორატორიის შესაძლებლობები გააცნო.
დღის ბოლოს, ესაილ იგიტიანს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა უმასპინძლა. თამარ ალადაშვილმა ეკოკლუბის ლიდერს დეტალურად გაცნო ცენტრის საქმიანობა. აღნიშნა, მწვანე ბანაკის თაობაზეც, რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, აიმაღლონ ცნობიერება გარემოსდაცვით თემებზე და განახორციელონ შესაბამისი პროექტები. თამარ ალადაშვილმა სტუმარს საჩუქრად წიგნები და საინფორმაციო ბროშურები გადასცა.
„დღევანდელი დღე იყო ძალიან შთამბეჭდავი, ბევრ ადამიანს არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი დღე გაატაროს სამინისტროში. მინისტრისა და სამუშაო პროცესის გაცნობა ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. სამომავლოდ, ეს იქნება კარგი გამოცდილება და მოტივაცია“, – აღნიშნა დღის ბოლოს ესაილ იგიტიანმა.
გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო კონკურის – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, CENN-ის მიერ 2015 წლიდან ტარდება. კონკურის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები და საქართველოს პარლამენტი.