ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის აპარატის უფროსს შეხვდა
პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის აპარატის უფროსთან, არაიკ ჰარუთიუნიანთან შეხვედრა გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმა არაიკ ჰარუთიუნიანის საქართველოში სამუშაო ვიზიტს და მაღალი შეფასება მისცა საქართველო – სომხეთის პოლიტიკური დიალოგის დონეს.
“შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც არის სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების კარგი საფუძველი.
არაიკ ჰარუთიუნიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის და სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გულთბილი მოკითხვა გადასცა. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის აპარატის უფროსმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სომხეთი დაინტერესებულია საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებითა და ორმხრივი დღის წესრიგის წინსვლით.
მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხები. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს გულთბილი მოკითხვა გადასცა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.