თბილისში მალარიის ფაქტი დაფიქსირდა – დაავადებული აფრიკიდან ჩამოვიდა
ზაფხულის სეზონური ვირუსული ინფექციები შარშანდელთან შედარებით შემცირებულია – ამის შესახებ „კვირას“ პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის სამედიცინო დირექტორმა ირმა კოკაიამ განუცხადა. მისი თქმით, ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში ლეიშმანიოზის დიაგნოზით 2 წლის ბიჭი მკურნალობს, ხოლო ბრუცელოზის ინფექციით 4 პაციენტია მოთავსებული.
„2 წლის პატარა მშობლებმა კახეთიდან ერთი კვირის წინ ჩამოიყვანეს, ბავშვს „მოსკიტის“ სახეობის მწერმა უკბინა, რომელიც გართულდა. ამჟამად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და რამდენიმე დღეში გაეწერება“, – აღნიშნა ირმა კოკაიამ.
მისი თქმით, წელს სამედიცინო დაწესებულებაში მალარიის შემთხვევაც დაფიქსირდა. როგორც კოკაიამ „კვირას“ განუცხადა, მალარიის დიაგნოზით ახალგაზრდა მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე კვირის განმავლობაში მკურნალობდა. „ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, აფრიკაში სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა მალარიით დაავადდა და ჩვენს კლინიკაში რამდენიმე კვირის განმავლობაში მკურნალობდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და პაციენტმა კლინიკა რამდენიმე დღის წინ დატოვა“, – ამბობს კლინიკის დირექტორი.
მალარია – მწვავე პარაზიტული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცხელების შეტევებით, ანემიით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით; შესაძლებელია რეციდივები. ინფექციის წყაროა მხოლოდ მალარიით დაავადებული ადამიანი, ან გამეტომტარებელი. ინფექცია გადაეცემა კოღოების სხვადასხვა სახეობით.
ლეიშმანიოზი – პარაზიტული დაავადებაა; ადამიანთან მიმდინარეობს შემდეგი ფორმებით:
1. ვისცერული ლეიშმანიოზი; 2. კანის ლეიშმანიოზი; 3. კან-ლორწოვანის ამერიკული ლეიშმანიოზი (ესპუნდია). ვისცერული ლეიშმანიოზი ხასიათდება ხანგრძლივი ცხელებით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, მკვეთრი ლეიკოპენიით, ანემიით, პროგრესირებადი მიმდინარეობით. კანის ლეიშმანიოზისთვის დამახასიათებელია ხანგრძლივად შეუხორცებადი წყლულების განვითარება.
ბრუცელოზი – ზოონოზური ინფექციურ-ალერგიული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ზოგადი ინტოქსიკაციით, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, ნერვული და სასქესო სისტემების დაზიანებით.
იზა შაქარაშვილი