ბექა დავითულიანი: ხელისუფლებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან კარგი ურთიერთობა აქვს და მუდმივად მის გაღრმავებაზე ზრუნავს
“ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ხელისუფლებას აქვს კარგი ურთიერთობა და მუდმივად მის გაღრმავებაზე ზრუნავს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
დავითულიანი ღია წერილს გამოეხმაურა, რომლითაც პარლამენტის წევრებმა: სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართეს.
“რაც შეეხება ამ ჯგუფის განცხადებას, არ ვიცი, რამდენად სიღრმეში უნდა შევიდე იმ თემის, რა თემაც მათ წამოწიეს, მათ თავის დროზე თქვეს, რომ გასვლა უნდათ “ქართული ოცნებიდან”, იმიტომ რომ რაღაცები აქვთ სათქმელი და როგორც აღმოჩნდა, მათი სათქმელი ეს არის. მეც რომ მათ აზრზე ვიყო და იმავეს თქმა მინდოდეს, მეც გავიდოდი მათთან ერთად.
რაც შეეხება პასუხის არგაცემას, საქართველოს არჩეული დეპუტატები არიან, იზიარებ მათ აზრს თუ არ იზიარებ, პატივისცემა ნებისმიერ არჩეული პირისადმი, რომელიც პოლიტიკაში მონაწილეობს და საზოგადოების რაღაც ნაწილს წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ელემენტარული ეთიკაა და პოლიტიკური მორალია, რომ ამას ცოტა კორექტული პასუხი სჭირდება ნამდვილად“, – აცხადებს ბექა დავითულიანი.