მაია ბითაძემ მწვანე ბიზნესის ფორუმში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გაზეთის „The Financial” ორგანიზებით გამართულ, მწვანე ბიზნესისადმი მიძღვნილ ფორუმში „Green Business Forum 2022″-ს მიიღო მონაწილეობა.
ფორუმის მონაწილეებმა მწვანე ეკონომიკისა და ნარჩენების სწორი მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ფორუმში მონაწილეობდნენ მთავრობისა და ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნეს ორგანიზაციები, რომლებიც ჩართული არიან მწვანე ბიზნესის კონცეფციის იმპლემენტაციაში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ სულ რაღაც 7-10 წლის წინ მთავრობას პრაქტიკულად არ ჰყავდა ბიზნეს პარტნიორი, რომელსაც ესმოდა რას ნიშნავდა მწვანე ეკონომიკა, მწვანე ზრდა, მწვანე ბიზნესი და რატომ იყო ეს აუცილებელი ქვეყნის განვითარებისთვის და ჯანსაღი მომავლისთვის.
„ამ წლების განმავლობაში მართალია სახელმწიფომ შექმნა კანონმდებლობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფომ იპოვა პარტნიორი. პარტნიორი არის ბიზნესი და საზოგადოება, რომლის მოთხოვნილებაც საკმაოდ გაზრდილია.
მე შორს ვარ იმ აზრიდან, რომ ჩვენ ყველაფერს მივაღწიეთ თუმცა, შეიძლება ჩვენ თამამად ვიამაყოთ იმით, რომ ათი წლის განმავლობაში ძალიან დიდი ძვრები მოვახდინეთ სამართლებრივი სივრცის რეფორმირების თვალსაზრისით. მათ შორის ამაში დაგვეხმარა ასოცირების ხელშეკრულება, და მეორე, ძალიან დიდი ძვრა მოახდინა ბიზნესმა, რომელიც დღეს ადეკვატურია იმ გამოწვევებისადმი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადად პლანეტას უდგას. როდესაც ჩვენ მწვანე ეკონომიკაზე ვსაუბრობთ შესაბამისად უნდა გავიაზროთ ის, რომ აუცილებელია სახელმწიფოს მხარდაჭერა ასეთი ბიზნესისთვის. ეს არის ერთ-ერთი პირველი, რაც შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს, გარდა რეგულაციების შექმნისა”,- განაცხადა მაია ბითაძემ.
მან ასევე აქცენტი გააკეთა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის პრიორიტეტებზე.
„ჩვენთვის უკვე ორი წელია მწვანე ეკონომიკა და მწვანე ზრდა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ისევე როგორც ურბანული გარემოს დაცვა. ეს ორი ისეთი საკითხია, რომელიც პირდაპირ კავშირშია როგორც ბიზნესის განვითარებასთან, ასევე ჩვენს ჯანსაღ მომავალთან და დღეს ძალიან მიხარია, რომ აქ მოვისმინეთ პრეზენტაციები კერძო სექტორის მხრიდან, მათ შორის სამშენებლო სექტორის, მრეწველობისა და საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან, რომ ასე აქტიურად არიან ჩართული მწვანე პროცესებში რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარებისთვის და რესურსების ეფექტიანი მოხმარებისთვის,”- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მაია ბითაძემ.
მან ახალ კანონპროექტებზე მუშაობისა და უკვე მიღებული კანონების იმპლემენტაციის თაობაზე ისაუბრა.
„ვმუშაობთ და უნდა მივიღოთ ახალი კანონები წყლის რესურსების, წიაღის რესურსების მართვის სფეროში, კანონი, რომელიც ინტეგრირებულ გარემოს დაცვის ნებართვას შეეხება და პრაქტიკულად გააერთიანებს ნიადაგის, წყლის, ჰაერის დაბინძურების პრევენციის კომპლექსურ საკითხებს.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკვე მიღებული გვაქვს კანონები, რომელიც ბიზნესს ავალდებულებს იქონიოს სარეზერვო-საკომპენსაციო თანხები იმისთვის, რომ რემედიაცია გაუკეთოს მის მიერ ნებით თუ უნებლიედ დაბინძურებულ და დაზიანებულ გარემოს. ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც გვაშორებს იმ პერიოდს, როდესაც გარემოსდაცვით კანონმდებლობას დერეგულაციის დიდი ტალღა დავატეხეთ თავს და დღეს შედეგებს ვიწვნევთ.
ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი კომიტეტისთვის, ისევე როგორც მთავრობისთვის არის დეკარბონიზაცია. დეკარბონიზაციასა და კლიმატის ცვლილებაზე როდესაც ვსაუბრობთ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვსაუბრობთ ეკონომიკის განვითარების ყველა მიმართულებაზე, ტრანსპორტზე, მრეწველობაზე, სატყეო სექტორზე, სოფლის მეურნეობაზე, ნარჩენების გადამუშავებაზე, მშენებლობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეკარბონიზაცია იყოს გამჭოლი ხაზი ჩვენი სამომავლო განვითარებისთვის. ახლახან საქართველოს პარლამენტმა მიიღო და ახლა შედის ძალაში კანონი, რომელიც სწორედ ამტვერიანებას ეხება რაც, მოგეხსენებათ, სამშენებლო ბიზნესთან არის დაკავშირებული. ასევე პირდაპირ კავშირშია ტრანსპორტით გადაადგილებასთან. კანონის თანახმად გაკონტროლდება მშენებლობები და მშენებლობის დროს აუცილებელი იქნება ბადეების გამოყენება, რაც ამტვერების ხარისხს ამცირებს, რის ნათელი მაგალითი ჩვენ თბილისში კონკრეტულ ლოკაციებზე უკვე გვაქვს.
ასევე სამშენებლო სექტორთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია ენერგოეფექტურობის კანონი, რომელიც ახლა შედის ძალაში. ასევე მნიშვნელოვანია კანონი რომელიც ეხება მშენებლობის დროს გამწვანების სავალდებულობის საკითხს. ეს ვალდებულება კანონით არის დადგენილი დედაქალაქში და კანონით იქნება სავალდებულო მთელი საქართველოს მასშტაბით.
ძალიან ბევრი გამოწვევა გვიდგას, ძალიან ბევრია საქმე, რომელიც ერთად გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა რაოდენ მნიშვნელოვანია ბიზნესისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა ამ თვალსაზრისით. ბუნებრივია, ბიზნესისთვის ეს ინვესტიციებია, მაგრამ ეს არის ხარჯსარგებლიანი ინვესტიცია, რომელიც აუცილებლად გამოიღებს შედეგს სამომავლოდ,” – განაცხადა მაია ბითაძემ ფორუმზე გამოსვლისას.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტთან ერთად დაწყებულ თემატურ მოკვლევაზე დეკარბონიზაციის პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც ამა თუ იმ მიმართულებით გამოავლენს საჭიროებებს, რაც შეიძლება აწუხებდეს ბიზნესს, ან შეიძლება საჭიროებდეს კანონმდებლობის ფორმირებას, მან თავის გამოსვლის დასასრულს თემატურ მოკვლევასთან დაკავშირებით მომზადებული ვიდეორგოლი წარმოადგინა.
ფორუმი მედია კომპანია financial.ge-ს მიერ იყო ორგანიზებული და ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართა.