სოლომონ პავლიაშვილი მწვანე ბიზნესისადმი მიძღვნილ ფორუმს „Green Business Forum 2022”-ს დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გაზეთის „The Financial“ ორგანიზებით გამართულ, მწვანე ბიზნესისადმი მიძღვნილ ფორუმს „Green Business Forum 2022”-ს დაესწრო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ფორუმის მონაწილეებმა მწვანე ეკონომიკისა და ნარჩენების სწორი მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ბიზნეს სექტორმა ეკონომიკის ზრდასთან ერთად პასუხისმგებლობა უნდა აიღოს გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელებაზე, ქვეყანაში მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.
„სამინისტრო საკმაოდ აქტიურად არის ჩართული გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელების პროცესში, მუშაობს ცირკულარული ეკონომიკისა და ნარჩენების მართვის სტრატეგიაზე, კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე შედეგების შერბილებაზე, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრევენციასა და გაუდაბნოებასთან ბრძოლაზე. მსგავსი ფორუმები მნიშვნელოვანია გაგრძელდეს სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესსექტორის მონაწილეობით, რათა მეტი გარემოსდაცვითი ინიციატივის იდენტიფიცირება მოხდეს და მეტი კომუნიკაცია გვქონდეს კერძო სექტორთან“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
„Green Business Forum“ 2017 წლიდან იმართება საქართველოში და მისი მიზანია წარმოაჩინოს კომპანიების გარემოსდაცვითი პოლიტიკა, პროექტები და მათი შედეგები, განიხილოს საქართველოს პერსპექტივები მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით და ხელი შეუწყოს ქართული ბიზნესების კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზარზე.
ფორუმს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, სხვადასხვა კომპანიის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.