დიმიტრი ხუნდაძე: აშშ-ის ელჩი ვალდებულია, განცხადება გააკეთოს იმ საგანგაშო მიდგომასთან დაკავშირებით, რაზეც მოსამართლე ჩხიკვაძე საუბრობს
ჩვენ მიერ გუშინ გამოთქმული ეჭვი, ხომ არ იყო მოსამართლის ამერიკაში გამგზავრების ხელისშემშლელი ფაქტორი სასამართლო გადაწყვეტილება, დღეს თავად დაადასტურა მოსამართლე ჩხიკვაძემ, მაგრამ აქ უფრო მეტ შეუსაბამო საკითხებთან გვაქვს საქმე, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
მისი თქმით, აშშ-ის ელჩი ვალდებულია, განცხადება გააკეთოს იმ საგანგაშო მიდგომასთან დაკავშირებით, რაზეც მოსამართლე ჩხიკვაძე საუბრობს.
“რამდენადაა შესაძლებელი, რომ სასამართლო გადაწყვეტილების რევიზია მოხდეს საელჩოებში, ან რომელიმე ევროპარლამენტარმა გააკეთოს წინასწარი დაკვეთა, თუ რა გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული მოსამართლის მიერ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს არ არის დასავლური ღირებულება, სწორედ ასეთი მიდგომაა სახიფათო სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის, ზოგადად, ეწინააღმდეგება პარტნიორულ ურთიერთობებს და იმ მიზანს, რა მიზანიც აქვს საზოგადოებას ხელისუფლებასთან და პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ შემადგენელთან გადაწყვეტილების მიღებაში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია დასავლური ღირებულება, სიტყვის თავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლოს ხელშეუხებლობა და ასეთი დამოკიდებულება საგანგაშოა და სახიფათოა. კითხვები კიდევ უფრო მეტი ჩნდება და ახლა კითხვის ადრესატი, რომელსაც აქამდე პასუხი არ გაუცია, აშშ-ის ელჩი ვალდებულია, ასეთ საგანგაშო მიდგომასთან დაკავშირებით, რაზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე, რომ გააკეთოს ნათელი და ერთმნიშვნელოვანი განცხადებები, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ცნობისთვის, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.