გურამ მაჭარაშვილი: 6-თვიანი ვადა ნამდვილად არ იყო რელევანტური – კარგია, რომ ეს საკითხი დადგა ევროკავშირში, ვადა უნდა იყოს რეალური, რათა ქვეყანამ შეძლოს პირობების მაქსიმალურად შესრულება

“6-თვიანი ვადა ნამდვილად არ იყო რელევანტური. კარგია, რომ ეს საკითხი დადგა ევროკავშირში, ვადა უნდა იყოს რეალური, რათა ქვეყანამ შეძლოს პირობების მაქსიმალურად შესრულება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ნებისმიერი საკითხის ქვეყნის საწინააღმდეგოდ გამოყენებას ცდილობს.

„ჩვენ ამ საკითხზე გახსოვთ, გვქონდა პოზიცია, რომ 6-თვიანი ვადა ნამდვილად არ იყო რელევანტური, რომელიც სტატუსის მისაღებად ქვეყნებს ეძლევათ ხოლმე. შეგვიძლია, დავასახელოთ რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც მინიმუმ ერთი ან ორ-წლიანი პერიოდი ჰქონდათ განსაზღვრული სტატუსის მისაღებად. კარგია, რომ ეს საკითხი დადგა ევროკავშირში, რადგან ვადა უნდა იყოს რეალური, რათა ქვეყანამ შეძლოს პირობების მაქსიმალურად შესრულება.

ნებისმიერი საკითხი, რაც კი შეიძლება, ქვეყნისთვის სასარგებლოდ იყოს გამოყენებული, ცდილობენ – ეს გამოიყენონ ქვეყნის საწინააღმდეგოდ. თუკი ევროკავშირში ჩაითვალა, რომ ვადა გადაიწიოს, რადგან პოზიტიური მოლოდინი აქვთ, რომ ამ ვადაში მოესწროს რეკომენდაციების შესრულება, როგორ შეიძლება ეს საკითხი მანიპულაციებისთვის გამოიყენოს რადიკალურმა ოპოზიციამ?! აქ საუბარი ხომ არ არის „ქართული ოცნების” ვადაზე?! საუბარია საქართველოსთან მიმართებით ვადის გადაწევაზე”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისიამ საქართველოს სტატუსთან დაკავშირებული საკითხის განხილვა გადადო და პირობების შესრულების ანგარიშს არა მიმდინარე წლის ბოლოს, არამედ 2023 წელს განიხილავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები