ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილი “ნაცმოძრაობისა” და მისი ლიდერების პირდაპირი ანტიპოდია, რასაც ხალხი ძალიან კარგად ხედავს და აფასებს
ხალხი დღეს კარგად არჩევს შავსა და თეთრს, “ნაციონალური მოძრაობის” თამაშის წესებს და ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ თამაშის წესებს, ვის სურს ომი და ვის სურს მშვიდობა საქართველოსთვის, ვის სურს არეულობა და ვის სურს სტაბილურობა, ვის სურს რეგრესი და ვის სურს ქვეყნის წინსვლა და განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ნაციონალური მოძრაობისა და მისი ლიდერების პირდაპირი ანტიპოდია, რასაც ხალხი ძალიან კარგად ხედავს და აფასებს.
“ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ქვეყანაში სერიოზულ როლს ასრულებს. მის ფაქტორზე საუბრისას, ქველმოქმედებას არც კი გავიხსენებ. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ მისი თავგანწირვითა და ახალი თამაშის წესების დამკვიდრებით მოიპოვა ის სიყვარული და პატივისცემა გუნდისგან და საზოგადოებისგან, რომელიც ჩვენს ოპონენტებს ასე ძლიერ აშფოთებთ. ბიძინა ივანიშვილის წარსულს და ამ წარსულზე დაფუძნებულ სიყვარულსა და პატივისცემას ჩვენი ოპონენტები ვერაფერს უხერხებენ, რაც მათ სასოწარკვეთილებაში აგდებს. ბიძინა ივანიშვილი ნაციონალური მოძრაობისა და მისი ლიდერების პირდაპირი ანტიპოდია, რასაც ხალხი ძალიან კარგად ხედავს და აფასებს…
რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობას საზოგადოების სწორი ანალიზიც უწყობს ხელს. გასული 30 წლის განმავლობაში საზოგადოებამ ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინა. ხალხი დღეს კარგად არჩევს შავსა და თეთრს, ნაციონალური მოძრაობის თამაშის წესებს და ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ თამაშის წესებს, ვის სურს ომი და ვის სურს მშვიდობა საქართველოსთვის, ვის სურს არეულობა და ვის სურს სტაბილურობა, ვის სურს რეგრესი და ვის სურს ქვეყნის წინსვლა და განვითარება. სწორედ ამიტომაა, რომ ხელისუფლებაზე მრავალი მხრიდან განხორციელებული შეტევის მიუხედავად, ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა ხალხის შეცდომაში შეყვანა და საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება ვერაფრით შეძლეს.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული თამაშის წესები და საზოგადოების გამოცდილება არის ორი ფაქტორი, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს წარმატების არავითარ შანსს არ უტოვებს. ასეთ პირობებში, ნაციონალურ მოძრაობას და მის შიდა თუ გარე პარტნიორებს ვურჩევდი, შეეგუონ არსებულ მოცემულობას – მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. მათ უნდა გაიაზრონ, რომ რამდენიც არ უნდა მოინდომონ, საქართველოს ომში ვეღარ ჩართავენ. მათ უნდა გაიაზრონ, რომ როცა სვლა არა გაქვს, უმჯობესია სტრატეგია შეცვალო და გაჩერდე, რომ თამაში ახალი პარტიისთვის მაინც დაიტოვო.“, – აღნიშნულია განცხადებაში.