დღეს საქართველოში მეხუთე მიწისძვრა მოხდა
საქართველოში დღეს დილით კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ბოლო ბიძგები თბილისის დროით 10:14 საათზე, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან დაფიქსირდა და 3.1 (ml) მაგნიტუდა შეადგინა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, პირველი ბიძგები დღეს დილით, სამებასთან, თბილისის დროით 07:36 საათზე დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრეც 4.8 მაგნიტუდას შეადგენდა.
განმეორებითი ბიძგები თბილისის დროით 09:10 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ამ შემთხვევაშიც სოფელ სამებასთან იყო. მიწისძვრის სიძლიერემ, 4.5 (ml) მაგნიტუდა შეადგინა.
მომდევნო მიწისქვეშა ბიძგები სოფელ სამებასთან 09:18 საათზე ფიქსირდება, სიმძლავრე 3.0 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.
ხოლო, თბილისის დროით 09:48 საათზე, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან კიდევ ერთი, 3.3 (ML) მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა დაფიქსირდა.