ბექა დავითულიანი: არასამთავრობოს სახელით პოლიტიკური მიზნების მიღწევა არ გამოუვათ
“თუ უნდათ, რომ პოლიტიკაში იყვნენ და პოლიტიკური მიზნები გაცხადებული აქვთ, მაშინ დარეგისტრირდნენ პოლიტიკურ ორგანიზაციად, ან გაწევრიანდნენ პოლიტიკურ ორგანიზაციებში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებს არასამთავრობოს სახელით პოლიტიკური მიზნების მიღწევა არ გამოუვათ.
„ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკოსს და პოლიტიკურ ორგანიზაციას აქვს მთელი რიგი, კანონით დაწესებული შეზღუდვები და არასამთავრობო ორგანიზაციას და მის წევრს არანაირი შეზღუდვა და მსგავსი პასუხისმგებლობა არ გააჩნია. რა თქმა უნდა, მათთვის არის კომფორტული, გამოვლენ დაფინანსებას აიღებენ უცხოური ფონდებიდან, რაც პარტიას ეკრძალება, როლს მოირგებენ ვითომ ობიექტური მონიტორისას, გამოვლენ და შეასრულებენ იმ პარტიის საქმეს, რომლის თანამოაზრეები და თანაგუნდელებიც არიან. თუ უნდათ, რომ პოლიტიკაში იყვნენ და პოლიტიკური მიზნები გაცხადებული აქვთ, მაშინ დარეგისტრირდნენ პოლიტიკურ ორგანიზაციად, ან გაწევრიანდნენ პოლიტიკურ ორგანიზაციებში, არასამთავრობოს სახელით პოლიტიკური მიზნების მიღწევა არ გამოუვათ”, – განაცხადა დავითულიანმა.