ევროპულმა საბჭომ, ბრიუსელში გამართული ორდღიანი სამიტის შედეგად, გადაწყვიტა, რომ გააგრძელებს რუსეთზე სანქციათა ზეწოლას, ასევე, უკრაინისთვის საჭირო იარაღის მიწოდებას.
ამის შესახებ Eurointegration წერს.
შემაჯამებელ კომუნიკეში ევროკავშირის ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი „მტკიცედ გმობენ რუსეთის განურჩეველ თავდასხმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ და წინაპირობების გარეშე გაიყვანოს თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ოკუპირებული ტერიტორიიდან, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრები“.
“უკრაინელები, განსაკუთრებით ბავშვები, რომლებიც იძულებით გაიყვანეს რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდნენ უსაფრთხოდ. რუსეთი, ბელარუსი და ყველა, ვინც პასუხისმგებელია ომის დანაშაულებებსა და სხვა უმძიმეს დანაშაულებზე, პასუხისგებაში იქნება მიცემული საერთაშორისო სამართლის შესაბამისად”, – ნათქვამია კომუნიკეში.
ევროკავშირის ლიდერებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად მასზე ზეწოლას გაზრდის.
“სანქციებზე მუშაობა გაგრძელდება. ევროსაბჭო მოუწოდებს ყველა ქვეყანას, დაიცვას ევროკავშირის სანქციები, განსაკუთრებით, კანდიდატმა ქვეყნებმა“, – ნათქვამია დოკუმენტში.
რაც შეეხება უკრაინას, ევროპული საბჭო ხაზს უსვამს, რომ შემდგომი სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფის ერთგული რჩება, “დაეხმაროს უკრაინას განახორციელოს თავდაცვის განუყოფელი უფლება რუსული აგრესიისგან და დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი”.
„ამ მიზნით, ევროსაბჭო მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს, სწრაფად იმუშაოს (უკრაინის) სამხედრო მხარდაჭერის შემდგომი გაზრდის მიზნით“, – განაცხადეს ევროკავშირის ლიდერებმა.