უამინდობის შედეგად, ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების სოფლების ნაწილი მნიშვნელოვნად დაზიანდა

22 ივნისს მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის შედეგად, ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების სოფლების ნაწილი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღუში გააქტიურდა მეწყრული პროცესები. ნაშალმა მასამ პრობლემები შექმნა ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე და გადაკეტა მოძრაობა სოფელ ლაჯანის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ტექნიკის ინტენსიური მუშაობის შედეგად ამ დროისათვის გზა გახსნილია და კვლავ გრძელდება აქტიურ რეჟიმში გზის გაწმენდითი სამუშაოები.

სტიქიის ადგილზე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან და მოადგილეებთან ერთად, დილიდან იმყოფებიან სახელმწიფო რწმუნებული – პაპუნა მარგველიძე და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი – ქრისტინე კობახიძე.

სტიქიამ ასევე განსაკუთრებით დააზარალა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლები: ლიხეთი, აბარი, ურავი, საკეცია, ზნაკვა, სადმელი. დაზიანებულია გზები, ელექტრო გადამცემი ბოძები, დატბორილია ეზოების და საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი, ათამდე საცხოვრებელ სახლს გადახდილი აქვს სახურავები.

სტიქიის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, დილიდან შექმნილია სტიქიის დამთვლელი კომისია და ხდება ზარალის ზუსტი აღრიცხვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები