“თიბისი ბანკს” ხაზარაძისა და ჯაფარიძისათვის დივიდენდების დაყადაღების თაობაზე სასამართლოს განჩინება ჩაბარდა

სასამართლომ „თიბისი ბანკის“ აქციონერებს – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 30 მლნ ლარამდე მისაღები დივიდენდები დაუყადაღა. შესაბამისი განჩინება „თიბისი ბანკს“ დღეს ჩაბარდა.

„თიბისი ბანკის“ ოფიციალურ წარმომადგენელს სასამართლო განჩინება „თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერის, იან მალქოლმ ჰოქის ადვოკატმა, დიმიტრი ტორაძემ პირადად ჩააბარა.

დიმიტრი ტორაძემ აღნიშნა, რომ საქმის დამატებით დეტალებზე დღეს, 12:00 საათზე დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.

12 იანვარს გამოცხადებული განაჩენით, მოსამართლე გიორგი არევაძემ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის(თაღლითობა) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(დიდი ოდენობით) და სასჯელის სახით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7-7 წლით. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ხაზარაძე და ჯაფარიძე საპატიმრო სასჯელს არ მოიხდიან, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო.

საქმის მასალების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში, ავთანდილ წერეთლის მიერ დაფუძნებულმა შპს „სამგორი თრეიდმა” და შპს „სამგორი M”-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან” სესხის სახით მიიღეს 16 664 000 აშშ დოლარი. იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ სესხი თითქოსდა ბიზნესის ბრუნვისთვის იყო მოთხოვნილი.

2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M”-სა და „სამგორი თრეიდს” სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა” სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე. მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან. კომპანიებს „სამგორი M”-სა და „სამგორი თრეიდს“ კრედიტი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები