ბექა დავითულიანი: მოსახლეობის 80% ევროინტეგრაციის მომხრეა და, რა თქმა უნდა, აქციაზე გასულები იყვნენ ადამიანები, ვინც სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები არიან
აქციის ორგანიზატორები, რა თქმა უნდა, იყვნენ “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული ადამიანები, თუმცა, აქცია იყო წარმოდგენილი და პოზიციონირებული, როგორც აპოლიტიკური, ისინიც და ყველა მიხვდა, რომ პოლიტიკოსების მისვლა მხოლოდ დისკრედიტაციას ახდენს ნებისმიერი ღონისძიების, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისი თქმით, გუშინდელ აქციაზე სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები იყვნენ გასულები, მათ შორის, “ქართული ოცნების”, რადგან მოსახლეობის 80 პროცენტი ევროპასთან ინტეგრაციის მომხრეა.
„მოსახლეობის 80 პროცენტი ევროპასთან ინტეგრაციის მომხრეა და, რა თქმა უნდა, აქციაზე იყვნენ გასულები ადამიანები, ვინც სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები არიან, მათ შორის, ჩემი მეგობრებიც, ვინც “ქართული ოცნების” ამომრჩევლები არიან. ისინი იყვნენ იმ გზავნილის გასაგზავნად, რომ საქართველო არის და იმსახურებს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას”, – განაცხადა დავითულიანმა.