მამუკა მდინარაძე – ოპოზიციაზე: ისინი აცდენილები არიან ევროპულ მოწოდებებს, მიდგომებს, გზას – პირველივე წუთიდან პოლიტიკური პოლარიზაციის ხარისხის გაზრდას ცდილობენ
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქართული ოპოზიცია აცდენილია ევროპულ მოწოდებებს, რადგან ისინი პოლარიზაციის შემცირების მაგივრად მისი ხარისხის გაზრდას ცდილობენ.
როგორც მან პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციის არაევროპულ გზას და სპეკულაციებს არ აქვს პერსპექტივა.
„მთელი 3-4 კვირის განმავლობაში გახსოვთ, ალბათ, რა განცხადებები კეთდებოდა მათი მხრიდან, ჩვენ ვამბობდით მათ გეგმაზე – ერთადერთი მიზანი, რისთვისაც სჭირდებათ რაღაც გადაწყვეტილება, თუნდაც 10 კარგი, რომ ეწეროს და დასანანი, სამწუხარო, მხოლოდ იმ ერთს ჩაეჭიდებოდნენ და შეცვივდებოდნენ იმ გეგმის განხორციელებას, რაზეც ჩვენ წინასწარ ვილაპარაკეთ. გახსოვთ, ალბათ მათი განცხადებები, რომ იმ შემთხვევაში თუ კანდიდატის სტატუსის არ მიენიჭება საქართველოს, ჩვენ უნდა ჩამოვიშოროთ… [ხელისუფლება] ამ გეგმის განხორციელებას შეუდგნენ ახლა და ეს გეგმა არის წარუმატებელი, იმიტომ რომ ჩვენ ხალხს ვეუბნებით სიმართლეს. როდესაც პირველივე წუთებიდან, იმ მთავარი მოწოდების – შემცირდეს პოლარიზაცია, ამის ხარისხის გაზრდას ცდილობენ, ისინი აცდენილები არიან ევროპულ მოწოდებებს, მიდგომებს, გზას და ამ არაევროპულ და სპეკულაციურ გზას არ აქვს პერსპექტივა“, – განაცხადა მდინარაძემ.