პაატა მანჯგალაძე – თავდაცვის მინისტრს: „სტრატეგია აღმაშენებლისგან“ სამხედროებს სრული მხარდაჭერა გაქვთ

„ბიუჯეტი, ტოტალური თავდაცვა, ღირსეული ანაზღაურება ჩვენს სამხედროებს – სრული მხარდაჭერა გაქვთ სამხედროებს ამ საკითხებში „სტრატეგია აღმაშენებლისგან“, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრის მოსმენის შემდეგ განაცხადა.

„შეიარაღებული ძალები არ არის ტექნიკა და მხოლოდ შეიარაღება. პირველ რიგში არიან ადამიანები, რომლებიც არიან ამ პროფესიაში, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების შემადგენლობაში. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი, მიმზიდველი კარიერული წინსვლის სისტემის  არსებობა, ამიტომ დავაყენეთ საკითხი მათ ღირსეულ ანაზღაურებაზე. ეს არ არის პოპულისტური საკითხი, ჩვენ მართლა გვჯერა, რომ ეს პროფესია, ეს ადამიანები უნდა იყვნენ დაფასებული ჩვენს ქვეყანაში, რომ თითოეულმა რიგითმა ჯარისკაცმა, უნდა იცოდეს, რომ თავისი ნიჭით, მონდომებით, პროფესიონალიზმით იქნება ქართული საზოგადოების და საქართველოს ღირსეული ნაწილი და ამას დაინახავს და დააფასებს  ქართული სახელმწიფო“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, აუცილებელია თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა გაზრდილი საფრთხეების რისკის პირობებში.

„გიდასტურებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა არის გაზრდილი საფრთხეების რისკის გამო ნომერ პირველი ამოცანა და არ გვენანება არც ერთი თეთრი, რომელსაც გადასახადის გადამხდელები იხდიან ამ საქმისთვის. მეორე საკითხი – ღირსეული ანაზღაურება, ღირსეული პირობები, მათ შორის, სოციალური გარანტიები თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

იგი რეზერვის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ თავდაცვა არ არის მხოლოდ სამხედროების ამოცანა.

„ეს არის ეროვნული მნიშვნელობის ამოცანა და ყველა ჩვენგანმა ამ ამოცანების, ამ მისიის შესრულებაში უნდა ვიცოდეთ ჩვენი ადგილი და როლი. მე ვფიქრობ, ამ მიმართულებით სერიოზულად ვაგვიანებთ. მე არ მგონია რუსეთის გაღიზიანება იყოს აქ ფაქტორი, ვფიქრობ უფრო პოლიტიკური ნების პრობლემაა. ტოტალურ თავდაცვაზე კი როცა ვლაპარაკობთ, ყველა მოქალაქეს თავისი ადგილი და როლი ჰქონდეს ამ ტოტალურ თავდაცვაში“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები