“ბორჯომში” აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეები დეზინფორმაციას ავრცელებენ რუსების დაქირავების შესახებ

კომპანია “IDS ბორჯომი” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.

“პირველ ყოვლისა, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ მივესალმებით პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებას კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შრომის ინსპექციის ჩართვის შესახებ. როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ჩვენ მზად ვართ ღია დიალოგისთვის და მზად ვართ, მივაწოდოთ შრომის ინსპექციას სრული და ამომწურავი ინფორმაცია, როგორც ზოგადად კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რა ვითარებაში აღმოჩნდა და რა სირთულეებთან უწევს გამკლავება კომპანიას დაწესებული სანქციებისა, გაყინული ანგარიშებისა და ბაზრებზე გართულებული წვდომის პირობებში, ასევე კანონის სრული დაცვით განხორციელებულ რეორგანიზაციის პროცესზე, რომლის შედეგადაც კომპანიამ მაქსიმალურად შეუნარჩუნა ბორჯომში დასაქმებულებს სამუშაო ადგილები.

შექმნილ ვითარებაში, მაშინ როდესაც ნებისმიერი ბიზნესკომპანია სრულ რეორგანიზაციას ჩაატარებდა, ჩვენ მივიღეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და, მასშტაბური გათავისუფლებების ნაცვლად, თანამშრომელთა 90%-ზე მეტს შევუნარჩუნეთ სამუშაო ადგილი, ასევე, უცვლელი დარჩა მათი სახელფასო განაკვეთი და კრიზისის მიუხედავად არ შემცირებიათ. შეიცვალა მხოლოდ არასამუშაო საათების დაანგარიშების სისტემა, თუმცა ის კვლავაც ინდუსტრიაში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე უკეთესია.

ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ნამუშევარი საათების ანაზღაურება უცვლელი რჩება ყველა თანამშრომლისთვის. რაც შეეხება რეორგანიზაციის შედეგად შემცირებულ თანამშრომლებს, მათ სრულად აქვთ მიღებული კუთვნილი ხელფასი, ასევე 2 თვიანი კომპენსაცია, როგორც ამას კანონმდებლობა ითხოვს. რაც შეეხება ხელფასების დაგვიანების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უკიდურესად შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში, პირველ რიგში, იმ თანამშრომლების ანაზღაურება ირიცხება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩვენი კომპანია მუშაობს მინიმალური დატვირთვით, ძირითადად საქართველოს ბაზრისთვის. ასევე, გვინდა გამოვეხმაუროთ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოსდა კომპანიას უცხო ქვეყნის მოქალაქეები აჰყავს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის სიცრუე, პროცესების ესკალაციის მცდელობა და კომპანია ბორჯომს არც ერთი ახალი თანამშრომელი არ დაუქირავებია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიის თითოეული თანამშრომელი. ამასთანავე, ვაცხადებთ, რომ სრულიად მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი და წარმოებაში ჩართულ თანამშრომლების მიმართ აგრესია. ნებისმიერ მსგავს ქმედებას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, კანონის სრული დაცვით.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში სრულმასშტაბიანად აღვადგინოთ წარმოება, დავიბრუნოთ ბაზრები და კვლავაც გავაგრძელოთ ჩვენი თანამშრომლებისთვის სექტორში საუკეთესო პირობების შექმნა. ასევე, მივესალმებით შექმნილი ვითარების კონსტრუქციული დარეგულირებისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები