კომპანია IDS ბორჯომი საქართველოში აცხადებენ, რომ ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მუშაობს მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის.
ამასთან, მათივე ცნობით, კომპანიას არცერთი ახალი კადრი არ აუყვანია.
„როგორც უკვე განვაცხადეთ, ამ ეტაპზე, ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მუშაობს მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის.
მოგეხსენებათ, საექსპორტო ბაზრების უმეტეს ნაწილთან დაკავშირებით (80%) ვითარება გაურკვეველია. ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, კომპანიას არცერთი ახალი კადრი არ აუყვანია.
რაც შეეხება ხელფასების დაგვიანების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, მოგეხსენებათ – კომპანიის ანგარიშები არის გაყინული, რის გამოც შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი, ამიტომ, პირველ ყოვლისა, ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული“, – აცხადებენ კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.