საქართველოს პრემიერმინისტრმა და ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შევსებული კითხვარი, ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და განხორციელებული რეფორმები იყო საქართველოს პრემიერმინისტრისა და ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის შეხვედრის მთავარი თემები.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გაიმართა, ირაკლი ღარიბაშვილმა და მაროშ შევჩოვიჩმა განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები და აღნიშნეს ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ამ პროცესში, მათ შორის, ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით მიაღწია.

პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველომ უკვე შეასრულა ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების 45% და ეს პროცესი გრძელდება. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია და ამ გზაზე ქვეყანა კომპლექსური რეფორმების განხორციელებას განაგრძობს.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და მის გავლენას ფართო რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე. პრემიერმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მთავრობის ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები