ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე არსებულ მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.

ბაზრობის მიმართულებით შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მორეაგირე ჯგუფები და დაიწყეს ქრობის აქტიური სამუშაოები. მეხანძრე-მაშველების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო ღია სივრცეში არსებულ მეორად საბურავებზე და ნარჩენებზე. არსებობდა ცეცხლის გვერდით მდებარე სასაწყობე ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება. ამ დროისთვის, ავტობაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება.

შემთხვევის შედეგად არავის დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 15 ჯგუფი”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები