ახალციხეში, ივანე ახალციხელის ქუჩაზე სპორტული და საბავშვო მოედნები მოეწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მოედნებისა და სკვერების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ახალციხეში, ივანე ახალციხელის ქუჩაზე ახალი სპორტული მოედანი და საბავშვო–გასართობი და დასასვენებელი სივრცე გაიხსნა. ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია გარე გამოყენების ფიტნეს-ტრენაჟორების მოწყობაც. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
დასრულებული პროექტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, ადგილობრივებთან ერთად დაათვალიერეს და ბავშვებს საჩუქრად ფეხბურთისა და კალათბურთის ბურთები გადასცეს.
დღეიდან, მიმდებარე დასახლებაში მცხოვრები ახალგაზრდები თანამედროვე სტანდარტების მქონე ახალი სპორტული მინი მოედნით, პატარები კი საბავშვო გასართობი ატრაქციონებით ისარგებლებენ.