ბექა ოდიშარია: ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი უცხოეთში მცხოვრები წარმატებული თანამემამულეების ჩართვა როგორც ქართულ ეკონომიკაში, ისე გლობალურ პროცესებში
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარესთან, ავთანდილ კასრაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
პარლამენტის ინფორმაციით, დღევანდელ სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი ნოდარ ტურძელაძე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარიამ ლაშხი და კომპანია „INVENT Venture Studio”-ს თანადამფუძნებლები პავლე და დალი მგელაძეები. შეხვედრაზე, ისაუბრეს GLOBALIZE.EU კონფერენციაზე, რომელიც 2022 წლის 10-11 ივნისს, პარიზში გაიმართება და სადაც მონაწილეობას ევროპაში მცხოვრები წარმატებული ქართველები მიიღებენ.
აღინიშნა, რომ GLOBALIZE.EU მიზნად ისახავს ერთის მხრივ, ქართულ ბიზნესსა და ევროპაში მცხოვრებ ქართველებს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებას, ხოლო მეორეს მხრივ, ქართული ბიზნესის ევროპელ ინვესტორებთან დაკავშირებას- ევროპის ბაზრის ათვისების მიზნით. კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი იდეები აუდიტორიას და ინვესტორებს გაუზიარონ.
„დიასპორასთან დამოკიდებულებაში ჩვენი ხელისუფლების დეკლარირებული პოლიტიკაა, რომ გვინდა დიასპორა იყოს ძლიერი, ვინაიდან, ძლიერი დიასპორა ძლიერ სახელმწიფოს ნიშნავს. ამ მიმართულებით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი უცხოეთში მცხოვრები წარმატებული თანამემამულეების იდენტიფიცირება და მათი ჩართვა როგორც ქართულ ეკონომიკაში, ისე ზოგადად, გლობალურ პროცესებში. შესაბამისად, ჩვენთვის იყო ძალიან საინტერესო ურთიერთობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, მის ხელმძღვანელობასთან, რომელთან ერთადაც ჩვენ ვგეგმავთ პარიზში 10-11 ივნისს ძალიან საინტერესო კონფერენციას, სადაც წარმატებული ქართველები შეხვდებიან ევროპას. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მნიშვნელოვანი კომპანიების წარმომადგენლები და საუბარი შეეხება იმ შესაძლებლობებს, რომელსაც იძლევა ქართული სახელმწიფო ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციების შემოსავლების პლატფორმაზე”,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
GLOBALIZE.EU წარმოადგენს ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაციას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპებისა და ექსპორტიორების საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას ინოვაციური, სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით.
„ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა და სტარტაპების მხარდაჭერა. ჩვენ მზად ვართ, რომ ამ მიმართულებით მათ მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდით, იმიტომ, რომ მხოლოდ ასეა შესაძლებელი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფად ზრდა, ეკონომიკაში გარღვევის მოხდენა და თანამედროვე მსოფლიოსთვის ფეხის აწყობა”,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და კერძო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობას სტარტაპული იდეების განვითარების კუთხით, განსაკუთრებით კი დიასპორის ჩართულობას ქართული ინოვაციური პროექტების საერთაშორისო ბაზარზე გასატანად.
„საქართველოს მთავრობა წლების განმავლობაში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს სტარტაპების განვითარებაში. ქართულ დიასპორას წამყვანი როლი აქვს, რომ მხარი დაუჭიროს ქართულ ინოვაციურ პროექტებს, რათა მაქსიმალურად მოხვდეს მსოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე ის ქართული პროდუქტები, რომელიც საქართველოში იქმნება და ამიტომ მნიშვნელოვანია დიასპორა მუდმივად იყოს ჩართული ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში. ხმა მიაწვდინონ ტექნოლოგიურ ბაზრებს ამ სტარტაპული იდეების განვითარებაზე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა, სადაც ჩართულია საქართველოს მთავრობა, პარლამენტი, კერძო სექტორი და ერთობლივად კიდევ უფრო დიდი შედეგი დაიდება იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკის კიდევ უფრო სწრაფი ზრდა განხორციელდეს”,-განაცხადა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარესთან ავთანდილ კასრაძემ.
GLOBALIZE.EU კონფერენციას, ორგანიზატორების მიწვევით საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ასევე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების და აგრარულ საკითხთა კომიტეტების წარმომადგენლები დაესწრებიან.