მარიამ ლაშხი: შშმ პირთა განათლების უფლების რეალიზება პირდაპირაა დაკავშირებული ხარისხიანი და უწყვეტი ინკლუზიური განათლების მიწოდებასთან

„გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, რომელსაც საქართველო 1994 წელს შეუერთდა,  განათლების მიღების უფლება ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საერთაშორისო შეთანხმებათა შორის, ბავშვის უფლებათა კონვენცია ყველაზე მეტი ქვეყნის მიერ არის რატიფიცირებული. რაც ცალსახად მიუთითებს ბავშვის უფლებების დაცვის პრიორიტეტულობაზე ყველა სახელმწიფოს მხრიდან“, – ამის შესახებ ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრმა, მარიამ ლაშხმა პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც ბავშვის უფლებების მიმართულებით საქართველოში არსებულ ძირითად გამოწვევებსა და განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

მისი თქმით, კონვენციაში გამოკვეთილი თითოეული უფლება ეხება ყველა ბავშვს ყოველგვარი დისკრიმინაციული გამონაკლისის გარეშე.

„საქართველო ასევე აღიარებს UNESCO-ს სალამანკას დეკლარაციას ინკლუზიური განათლების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტით განათლების სფეროში ყველა ბავშვს, დროებითი ან მუდმივი დახმარების საჭიროების მქონე ბავშვს, უფლება აქვს ისწავლოს სასკოლო დაწესებულებაში.

ყველა ბავშვს აქვს უფლება ისწავლოს ინკლუზიურ გარემოში და მონაწილეობა მიიღოს მასზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროცესში, რათა დაკმაყოფილდეს მისი ინდივიდუალური საჭიროებები  და სახლთან ახლოს ჰქონდეს სასწავლებელი“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მან ყურადღება გაამახვილა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მუხლზე, რომელიც განმარტავს  ინკლუზიური განათლების ცნებას და არის ფუნდამენტური მნიშვნელობის: „თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროცესი, რომლის ფარგლებშიც ყველა მოსწავლისთვის უზრუნველყოფილია განათლების ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით მიღება“. კანონი  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებად განსაზღვრავს ინკლუზიური განათლების განხორციელებისთვის პირობების შექმნას.

„აღსანიშნავია, რომ ინკლუზიური სწავლების დანერგვისას საქართველოში მნიშვნელოვანი ფინანსური და მეთოდოლოგიური დახმარება ნორვეგიის მთავრობამ გაუწია, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მათ. ჩვენი მიზანია, ინკლუზიური განათლების საერთაშორისო და რა თქმა უნდა, ქართულ რეალობაზე მორგებული დახვეწილი მოდელის შექმნა, რასაც ბუნებრივია, ჯერ კიდევ ახლავს გარკვეული გამოწვევები. თუმცა, საქართველოს პარლამენტი, განსაკუთრებით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი სრულ მზაობას გამოხატავს, მხარი დაუჭიროს და თავად დააინიციროს ამ მიმართულებით შესაბამისი ინიციატივები“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებისა და რეკომენდაციების შესახებ, რომელიც სახალხო დამცველმა 2019 წლის ანგარიშში ასახა და რომელიც საქართველოში ინკლუზიურ განათლებას ეხება.

„გარკვეული ნაბიჯები შესაბამისი უწყებების მხრიდან, მათ მიერ დასახელებული გამოწვევების გადასალახად უკვე განხორციელებულია და საქართველოს პარლამენტი და განათლების კომიტეტი მზად არის და ქმედით პროცესშია ამ მიმართულებით წინსვლისა და არსებული მოდელის სრულყოფისათვის“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე: ბავშვის უფლებები საქართველოში – ძირითადი გამოწვევები და განხორციელებული ღონისძიებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები