შალვა პაპუაშვილი: ძალისხმევას არ დავიშურებთ ქვეყანაში ბავშვის უფლებების ეფექტიანი რეალიზების ხელშეწყობისა და არსებული გამოწვევების დასაძლევად

„ყველა ვთანხმდებით, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი ძალისხმევას არ დაიშურებს ქვეყანაში ბავშვის უფლებების ეფექტიანი რეალიზების ხელშეწყობისა და არსებული გამოწვევების დასაძლევად”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ორგანიზებით გაიმართა, ქვეყანაში არსებულ ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე, ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და განხორციელებულ სამუშაოზე მსჯელობენ. დამსწრეებს სიტყვით შალვა პაპუაშვილმა მიმართა და ბავშვებს 1 ივნისი მიულოცა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეგიონში არსებული მძიმე ვითარების ფონზე, ბავშვის უფლებათა დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

„უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიას მრავალი ბავშვის სიცოცხლე ეწირება. ბავშვები მეტად არიან ტრამვირებული იმ ძალადობის შედეგად, რაც მათ გარშემო ხდება. სწორედ ბავშვებზე ახდენს ყველაზე ნეგატიურ გავლენას მათი სახლების, სკოლების, ბაღების, საავადმყოფოების, თავშესაფრების დაზიანება ან განადგურება. ამიტომაც, სწორედ ომის დასრულება უნდა იყოს ნომერ პირველი პრიორიტეტი ბავშვებისთვის მშვიდობიანი, უსაფრთხო და წარმატებული მომავლის უზრუნველსაყოფად”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს 1989 წლის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების კუთხით, რაც ეროვნული კანონმდებლობის უმაღლეს სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიმართულებით აისახება. „საამაყოა, რომ საქართველო ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს 1989 წლის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების კუთხით ერთ-ერთი მოწინავეა, რაც თვალსაჩინოა უმთავრესად ეროვნული კანონმდებლობის უმაღლეს სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მხრივ. ამ კუთხით, აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტის მიერ 2019 წელს გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები – კერძოდ, მიღებულ იქნა ბავშვის უფლებათა კოდექსი.

ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღების შემდგომ, ერთობლივი ძალისხმევით, განსაკუთრებით დაჩქარდა ბავშვის ძირითადი უფლებების დაცვის მექანიზმებისა და გარანტიების პრაქტიკაში უზრუნველყოფა. ამ საქმის ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელება ჩვენთვის რთული იქნებოდა, თუ არა ბავშვთა უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მუშაობა, მისი დაფუძნება, შექმნა და აქტივობები. ამიტომ, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საბჭოს თითოეულ წევრს მათი ინტერესისა და საქმიანობისთვის.

ყველა ვთანხმდებით, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი ძალისხმევას არ დაიშურებს ქვეყანაში ბავშვის უფლებების ეფექტიანი რეალიზების ხელშეწყობისა და არსებული გამოწვევების დასაძლევად. ჩვენ ერთად შევძლებთ ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატეს გათვალისწინებას, ინკლუზიური გარემოს შექმნას, ბავშვის მონაწილეობის ხელშეწყობას, ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას და ბავშვის ჯანმრთელი განვითარების უზრუნველყოფას”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები