სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრა გამართა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ ნათია სონღულაშვილმა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი კლდიაშვილთან შეხვედრა გამართა.

მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს სტრუქტურა, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამსახურის განვითარების ხედვა გააცნო. ასევე ხაზი გაუსვა სამსახურის დამოუკიდებლობის გაზრდის საკითხს.

ნათია სონღულაშვილმა ყურადღება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განვითარების კუთხით დაგეგმილ ღონისძიებებზე გაამახვილა და მნიშვნელოვანი ასპექტები გამოყო. კერძოდ, გამოძიების დროულად ჩატარების უზრუნველყოფას, გამოძიების ხარისხის მონიტორინგის სამსახურის შექმნას და უფლებადამცველებთან მჭიდრო კომუნიკაციას.
მისი თქმით, სამსახურის განვითარების გეგმა დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და დანაშაულის პრევენციისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს. ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭოს შექმნის ინიციატივასაც, რაც სამოხელეო დანაშაულის შემცირებისკენ იქნება მიმართული. ნათია სონღულაშვილის თქმით, უმნიშვნელოვანესია აღნიშნულ პროცესში ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებთან აქტიური კომუნიკაცია და მჭიდრო თანამშრომლობა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის პრიორიტეტად რჩება ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა. დღეს შევხვდით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს. ვისაუბრეთ სამსახურის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და იმ სამომავლო გეგმებზე, რომლის განხორციელებასაც სამსახური გეგმავს.“ – განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ ნათია სონღულაშვილმა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით მზაობა გამოთქვეს. „ვფიქრობთ, ბევრი თანამშრომლობის წერტილი იქნება, სადაც ჩვენს ორგანიზაციას ექნება ჩართულობა და ერთობლივად ძალიან კარგი საქმეების გაკეთება შეიძლება. ის გეგმები, რომელიც აქვს ამ სამსახურს, ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანას და ეს მიმართულება განსაკუთრებით, ის ახალი ფუნქციები, რომელიც შეიძინა სამსახურმა, ჩვენი საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“ – განაცხადა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა.

„გავეცანით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაზრდილ უფლებამოსილებებს, გამოწვევებს, რომლებსაც უპირისპირდება სამსახური და მის სამომავლო გეგმებს. ვისაუბრეთ რესურსების ნაკლებობიდან, ასევე რესურსების საჭიროებიდან გამომდინარე იმ გამოწვევებზე, რომელსაც პრაქტიკულ დონეზე უპირისპირდებიან თანამშრომლები.
განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ამ სამსახურს ვუსურვებთ წარმატებას არსებული რეორგანიზაციის საკითხების ეფექტურად გადაწყვეტაში და იმ გაზრდილი მანდატების ფარგლებში, მოლოდინი გვაქვს, რომ ვითანამშრომლებთ და დავეხმარებით, ეფექტურად განახორციელოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება.“ – განაცხადა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი დავითურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები