სამთავრობო ანგარიში: დასრულდა და განხორციელების ეტაპზეა არაერთი პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის ქსელის გაფართოებასა და განვითარებას

“ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის, პოტენციალის ათვისების მიზნით, საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა საერთაშორისო და სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საკვანძო ინფრასტრუქტურის განვითარება”, -ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

“კერძოდ: დასრულდა გურჯაანის შემოვლითი გზის 15 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, ხოლო თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაზე გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულებები და მიმდინარეობს სამუშაოები. დასრულდა საჩხერე-ონის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა; განხორციელდა 513 კილომეტრამდე საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და 47 სახიდე გადასასვლელის მშენებლობა-რეაბილიტაცია; აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის სხვა მონაკვეთებზე. გრძელდება სამუშაოები მოსახლეობისთვის უწყვეტი, ხარისხიანი სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდების რეჟიმით უზრუნველყოფის მიმართულებით. წყალმომარაგების სისტემა მოეწყო ოზურგეთში, ანასეულის დასახლებაში, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის სოფლებში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჩიხასა და გორისას ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში, სააკაძისა და აფაქიძის ქუჩების მიმდებარედ. დასრულდა კურორტ აბასთუმნის, წნორის, არაზინდოს დასახლების, ვალეს, ღვანკითის, ზემო არანისისა და დაბა ლაითურის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია. ამასთანავე, გაფორმდა ქალაქ თელავის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. წყალმომარაგების სისტემის სამუშაოები მიმდინარეობს აგრეთვე სოფელ ბაკურციხეში, კარდენახში, ძველ ანაგაში, ბანოჯაში, ასევე მიმდინარეობს სოფელ ქვიტირის რეზერვუარის, დამწნეხი კოლექტორისა და სამტრედიის წყალარინების სატუმბი სადგურის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობა. მიმდინარეობს საჩხერისა და გორის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში წყალმომარაგების ქსელის მოწყობა. მშენებლობის/რეაბილიტაციის პროცესშია წყალმომარაგების სისტემები დმანისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების 20-ზე მეტ დასახლებაში. შესყიდვის წინასაკვალიფიკაციო ეტაპები მიმდინარეობს სტეფანწმინდის კომუნალური ინფრასტრუქტურისათვის წყლისა და წყალარინების პროექტის, ასევე ხაშურის მაგისტრალური მილსადენისა და გამანაწილებელი ქსელის რეკონსტრუქციისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის, სათავეების, რეზერვუარებისა და მაგისტრალური მილების მოწყობის პროექტირების, მშენებლობისა და ოპერირების პროექტებისთვის საჭირო საკონსულტაციო მომსახურებებზე. 2022 წლის მარტში გაფორმდა ხელშეკრულება იმერეთის (ვანი, ბაღდათი, სამტრედია) კომუნალური ინფრასტრუქტურისათვის წყლისა და წყალარინების საკონსულტაციო მომსახურებისა და თანმხლები ღონისძიებების განმახორციელებელ კონსულტანტთან. შედეგად, დღეის მდგომარეობით, დაწყებულია საპროექტო სამუშაოები. შესყიდვის პროცედურების ფაზაშია მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემისა და ბოლნისის წყალარინების სისტემისა და კოლექტორის მშენებლობის სამუშაოები. ამასთან ერთად, მიმდინარეობს ქუთაისის წყალარინების სისტემის ხელახალი პროექტირება. გარდა ზემო აღნიშნულისა, დასრულდა და განხორციელების ეტაპზეა არაერთი სხვა პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის ქსელის გაფართოებასა და განვითარებას”,- ნათქვამია მოხსენებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები