რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის განცხადებით, ახლა ევროპულ ოჯახში საქართველოს წევრობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ამის შესახებ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენი ქვეყნის და რეგიონის მიმართ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პაუზა იმისათვის უნდა გამოვიყენოთ, რომ ეკონომიკურად და პოლიტიკურად გავძლიერდეთ. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ევროკავშირის პასუხს ელოდება. ამ ქვეყანაში ბევრი მკითხაობს იმაზე, თუ რა იქნება. არის პროდასავლური ძალა, რომელიც ამბობს, რომ აუცილებლად უნდა მიგვიღონ და არის პრორუსული ძალა, რომელიც ამბობს, არ მიგვიღებენ, არ გვინდა ცივილიზებულ დასავლეთთან ურთიერთობა, რუსეთთან ვიყოთ, რა მაგარია რუსეთი, როგორ ანგრევს და არბევს უკრაინასო. ვიცოდი, რომ გვარგადაკეთებულ ქართველებს ღალატისკენ მიდრეკილება ჰქონდათ, მაგრამ ჩვენი მოძმე ერის გაუბედურება ასე აშკარად თუ გაუხარდებოდათ, ნამდვილად არ მეგონა.
საქართველო მაშინაც იყო, როცა ამერიკა და რუსეთი არ არსებობდა, როცა ევროპა ბარბაროსულ ომებს აწარმოებდა, საქართველო ახლაც არის და მომავალშიც იქნება. ჩვენი მიზანია, სრულფასოვანი, დამოუკიდებელი სახელმწიფო ავაშენოთ. რაც შეეხება ევროკავშირს და ნატო-ს, ესაა საშუალება იმისათვის, რომ ჩვენ მშვიდობით და სტაბილურად ვიყოთ. კარგი იქნება, თუ მიგვიღებენ და, ჩვენი ღრმა რწმენით, უნდა მიგვიღონ იმიტომ, რომ ახლა ევროპული ოჯახში, შემდეგ ნატო-ს ოჯახში საქართველოს წევრობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საქართველო, როგორც მართლმადიდებლური ქვეყანა, აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების ზღვარზე ასეთი საჭირო არასდროს ყოფილა. მით უმეტეს, ახლა ხელისუფლება ყველას, ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს და სტარატეგიულ პარტნიორებს შანსს აძლევს, რომ ჩვენთან და ჩვენი დახმარებით მთლიანად რეგიონთან ითანამშრომლონ“, – განაცხადა ანალიტიკოსმა.
ზაალ კასრელიშვილი უკრაინაში არსებულ ვითარებასაც გამოეხმაურა.
„უკრაინის ომის ქრონიკა, საუბედუროდ, ისეთია, რომ სამხრეთ- აღმოსავლეთში საკმაოდ დაუნდობელი ბრძოლები მიდის. ჩვენი პროგნოზი სამწუხაროა: ძალიან მძიმე ზაფხულია მოსალოდნელი. ომის პიკი იქნება. მოვლენები ისევ სამხრეთ- აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარდება. აქ ავანსცენაზე მარტო რუსეთი აღარ იქნება. ვვარაუდობთ, რომ უახლოეს დღეებში უკრაინა კონტრშეტევაზე გადავა. ძალიან დაუნდობელი და სისხლისმღვრელი, დამანგრეველი ბრძოლები იქნება. ამ პიკის შემდეგ, რომელიც მთელ ზაფხულს გაგრძელდება, იმის მიხედვით, თუ ვინ რა პოზიციებს დაიკავებს, პოლიტიკური ვაჭრობა დაიწყება. პერიოდულად, შეტაკებები იქნება“, – განაცხადა კასრელიშვილმა.