ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს აფასებს
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი კიდევ ერთხელ ეწვია ბრიუსელს. გრძელდება მინისტრის მაღალი დონის შეხვედრები ევროკომისრებთან. მოგეხსენებათ, რა უმნიშვნელოვანეს პროცესში ვიმყოფებით. ევროკომისია ამზადებს ე.წ. მოსაზრებას ჩვენს განაცხადთან დაკავშირებით. შესაბამისად, ევროკომისრები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროკომისიის მოსაზრების ჩამოყალიბების პროცესში,” – ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სექტორული თანამშრომლობა საქართველო-ევროკავშირს შორის, ვინაიდან ეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და ევროკავშირში გაწევრიანების ქვაკუთხედია.
„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ წელს, იმ ფონზე, როდესაც საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უმასპინძლებს მიღებას, რომელიც მიძღვნილია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი. ღონისძიება გაიმართება სიმბოლურად ევროკავშირის პოლიტიკური დედაქალაქის მთავარ მოედანზე, მერიის შენობაში,” – განმარტა მახარობლიშვილმა.
მისი განმარტებით, ღონისძიების ფარგლებში, მინისტრს ექნება შესაძლებლობა, რომ დამსწრე საზოგადოებას გაუზიაროს მნიშვნელოვანი გზავნილები საქართველოს ევროპული იდენტობისა და ჩვენი ევროპულ ოჯახში დაბრუნების მნიშვნელობის შესახებ.