საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ლორდთა პალატის წევრს შეხვდნენ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მარიამ ლაშხი და კომიტეტის წევრები თამარ ტალიაშვილი და გრიგოლ ვაშაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ლორდთა პალატის წევრს, ლორდ რობინ ტევერსონს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებსა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის მიმართულებებსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის საკითხებზე გამახვილდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ქართველმა კანონმდებლებმა, მადრიდის მოახლოებულ სამიტზე, ბრიტანეთის მხრიდან მტკიცე და აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ლორდმა ტევერსონმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და მისი სუვერენიტეტის მიმართ მისი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა და ორ ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა აღნიშნა.
ლორდთა პალატის წევრთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო უორდროპის დიალოგის ფარგლებში ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებს და დიდი ბრიტანეთის უმაღლეს სასწავლებლებში, ქართველი სტუდენტებისთვის, საგანმანათლებლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები