შალვა პაპუაშვილი: გვარამიას საქმეს ეპიზოდურად იცნობენ და ზედაპირული შეფასებების საფუძველზე აძლევენ თავს უფლებას, თქვან, რომ არ არის დამნაშავე
“საქმეს ეპიზოდურად იცნობენ და ასე, ეპიზოდური, ზედაპირული შეფასებების საფუძველზე თავს უფლებას აძლევენ, რომ გააკეთონ განცხადებები – დამნაშავეა, არ არის დამნაშავე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამართლებრივი სახელმწიფოს პატივისცემა სასამართლოს გადაწყვეტილების პატივისცემას გულისხმობს.
„ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და გადაწყვეტილებას ადამიანის ბრალეულობასთან დაკავშირებით სასამართლო იღებს. მოვისმინეთ სასამართლოს განაჩენი და ეს გახლავთ პირველი ინსტანციის სასამართლო. ვიცით, რომ როგორც ბრალმდებელი, ისე დაცვა აპირებენ, გაასაჩივრონ ეს განაჩენი სააპელაციო წესით, წინ არის სააპელაციო სასამართლო. სხვა, დანარჩენი არის ადამიანების მოსაზრებების საფუძველზე ვიღაცის მიმართ განაჩენის გამოტანა. ჩვენ ამას ყოველდღიურად ვხედავთ სოციალურ ქსელში. სამწუხარო ტენდენციაა, რომელიც დამკვიდრდა, რომ არის დაშინების გარკვეული ჯგუფი, რომელიც ფიქრობს, რომ მას გარკვეულწილად უფლება აქვს ვიღაცები ასე ზეპირად და ზედაპირულად გაასამართლოს, თქვას დამნაშავე ან უდანაშაულოა. ვისაც ისინი თითს დაადებენ, რომ არის დამნაშავე – ცხადდება დამნაშავედ და ჩვენ მერე ვხედავთ, მათ შორის, ფსიქოლოგიურ შედეგებს სხვადასხვა ადამიანზე, როდესაც მათზე ბულინგი მიდის სოციალურ ქსელში და პირიქით, ვისზეც იტყვიან და თითს დაადებენ, რომ ეს არის უდანაშაულო, რატომღაც, ყველა მიიჩნევს, რომ ის არის უდანაშაულო.
რაც შეეხება შეფასებებს, საქმეს ეპიზოდურად იცნობენ, მათ შორის, სახალხო დამცველმა თქვა, რომ საქმის მხოლოდ ერთ ეპიზოდს იცნობს, სხვებიც ამას ამბობენ და ასე, ეპიზოდური, ზედაპირული შეფასებების საფუძველზე თავს უფლებას აძლევენ, რომ გააკეთონ განცხადებები – დამნაშავეა, არ არის დამნაშავე. სამართლებრივი სახელმწიფოს პატივისცემა გულისხმობს სასამართლოს გადაწყვეტილების პატივისცემას“, – აცხადებს პაპუაშვილი.