ავსტრალიასა და კანადაში “მაიმუნის ყვავილით” ინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა, კერძოდ, ავსტრალიაში ვირუსი ევროპიდან დაბრუნებულ პირს აღმოაჩნდა, ხოლო კანადაში ორი შემთხვევაა გამოვლენილი.
ავსტრალიის შემთხვევაში საუბარია ორმოცი წლის მამაკაცზე, რომელმაც ევროპაში მოგზაურობიდან დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში საავადმყოფოს მიმართა.
აგრეთვე, როგორც გამოცემა El País-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში ინფიცირების პირველი შემთხვევები გასულ კვირას დადასტურდა, ირკვევა, რომ მადრიდის ავტონომიურ თემში ვირუსმა ცირკულირება აპრილში დაიწყო.
ამის შესახებ გამოცემას რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, ელენა ანდრადასმა განუცხადა.
ამ დროისთვის, ესპანეთში ინფიცირების 7 შემთხვევაა დადასტურებული, 29 ნიმუში კვლევის სტადიაზეა.
მაიმუნის ყვავილის შემთხვევები ასევე დიდ ბრიტანეთში, პორტუგალიასა და აშშ-შია გამოვლენილი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ “მაიმუნის ყვავილი” იშვიათი ვირუსული დაავადებაა, რომელიც ძირითადად გვხვდება ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკის შორეულ რაიონებში, რომლებიც მდებარეობს ტროპიკულ წვიმიან ტყეებთან.
მაიმუნის ყვავილი იშვიათი დაავადებაა, რომელიც კლინიკურად ყვავილის თითქმის იდენტურია, თუმცა, ნაკლებად მძიმეა. “მაიმუნის ყვავილს” ერთი განსხვავებული ნიშანი აქვს – გამოხატული ლიმფადენოპათია. “მაიმუნის ყვავილით” ადამიანი შესაძლოა, დაინფიცირდეს სხვადასხვა ცხოველთან, მაგალითად, პრიმატებსა და მღრღნელებთან კონტაქტის შედეგად, თუმცა, მისი ბუნებრივი რეზერვუარი უცნობია. ნატურალური ყვავილის მსგავსად, ადამიანებს შორის ეს ინფექცია ვრცელდება რესპირატორული გზით ან ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით.
ინკუბაციური პერიოდი 7-14 დღეა, დაავადება 2-4 კვირას გრძელდება.
“მაიმუნის ყვავილის” ეპიდემიის შემთხვევების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1%-დან 10%-მდეა, სიკვდილიანობის უმეტესი ნაწილი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებშია.
მაიმუნის ყვავილისგან სპეციფიკური მკურნალობა ან ვაქცინა არ არსებობს, მაგრამ ჩუტყვავილას ვაქცინაცია დაავადების მაღალ ეფექტურ პრევენციას უზრუნველყოფს.