რუსი ოკუპანტების მიერ ლუგანსკის ოლქის დაბომბვას ბოლო ერთ დღეში 13 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ Telegram-ში დაწერა.
„რუსები ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკს უტევენ, რეგიონალურ ცენტრში 12 დაღუპულია, ლუგანსკის რაიონში 60-ზე მეტი დანგრეული სახლია. სევეროდონეცკში ერთ დღეში 12 დაღუპული გვყავს, კიდევ ერთი – გორსკაიას თემში“, – დაწერა მან.
მისი თქმით, სარაკეტო იერიშების შედეგად, მთელი ქუჩები იწვის.
„სახლები ნადგურდება და იწვის – ზოგან, მთელი ქუჩები, მაგალითად, ნირკოვოში ზედიზედ ხუთი საცხოვრებელი უბანი იწვის. ექვსი – ზოლოტეში, სამი – ვრუბოვკაში და კიდევ სამი – რუბიჟნეში. შეუძლებელია ტოშკოვკას ნგრევის ათვლა, სადაც საომარი მოქმედებები გრძელდება“, – წერს გაიდაი.
ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ საოკუპაციო ჯარებმა სევეროდონეცკის შტურმით აღება ვერ შეძლეს, პერსონალის დანაკარგები განიცადეს და უკან დაიხიეს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge